დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მერიამ შეამცირა საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი კვების მენიუ, ტყუილია. ამის შესახებ მან დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა გამოვეხმაურო ბაგა ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. საუბარია, თითქოს მერიამ შეამცირა საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი კვების მენიუ, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. შეგახსენებთ, გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ მიიღო 487 დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. ამის მიხედვით, მოხდა ახალი მენიუს დამტკიცება საერთაშორისი სტანდარტების შესაბამისად. რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ - ხორცის, თევზის, ყველის და რძის პროდუქტების; შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ვალდებული ვართ, ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები.
მე მინდა, წარმოგიდგინოთ მენიუ, თუ რითი იკვებებიან ჩვენი ბავშვები. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება, რომ საზოგადოება კონკრეტულმა ადამიანებმა არ შეიყვანონ შეცდომაში“,- აცხადებს მერი.

























