საუდის არაბეთის ხელისუფლება მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის, Saudi Aramco-ს აქციების გასაყიდად ემზადება. ამ შემთხვევაში, საუბარია დაახლოებით $12 მილიარდის ღირებულების 1.5 მილიარდი აქციის ემისიაზე, რომელსაც არაბული კომპანია 6 ივნისამდე განახორციელებს.
კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები შეისყიდიან კომპანიის აქციებს ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ტრანზაქციის მიზანი გასაგებია, რადგან მოზიდული კაპიტალი საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდში ჩაედინება, რომლითაც ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, მუჰამედ ბინ სალმანი სხვადასხვა მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. თუმცა ფონდის კაპიტალის გაზრდის გარდა აქციების გაყიდვით მეტად დივერსიფიცირებული გახდება Saudi Aramco-ს ინვესტორთა ბაზა, რაც, როგორც წესი, დადებით მოვლენად არის მიჩნეული.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ამინ ნასერმა განაცხადა, ინვესტორებისთვის შეთავაზებული ფასი მიმზიდველი იქნება, რომელიც, სავარაუდოდ 26.7-29 არაბული რიალის ფარგლებში განისაზღვრება, რაც ნაკლებია ვიდრე ის ფასი, რომლითაც Aramco-ს აქციები დღეს ივაჭრება.
ბოლო პერიოდში, არაბულ კომპანიის აქციას არც თუ ისე სახარბიელო შედეგები აქვს ერთი თვის ჭრილში, აქციის ფასი 3.65%-ითაა შემცირებული, ექვსთვიან ჭრილში კი კლება 12.65%-ია. 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირებული პიკური ფასის შემდეგ კი, Saudi Aramco-ს აქციების ფასი 21.8%-ითაა შემცირებული. გასულ წელს, Aramco-მ აქციონერებზე $98 მილიარდის დივიდენდი გასცა, ხოლო წელს $124 მილიარდის გაცემას აპირებს.