მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთი აშშ-ში $600 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

დონალდ ტრამპი / მუჰამედ ბინ სალმანი

საუდის არაბეთი, რომელსაც ბოლო წლებში უფლისწული მუჰამედ ბინ სალმანი მართავს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-სთან ურთიერთობას გააღრმავებს და ქვეყნის ეკონომიკაში $600 მილიარდს დააბანდებს.

აღნიშნული სიახლე საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველის და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

ამერიკული ეკონომიკის კონკრეტულად რომელ სექტორებში ფიქრობს ინვესტირებას საუდის არაბეთი არ დაკონკრეტებულა, მაგრამ უშუალოდ ინვესტიციის გარდა ამ თანხაში, სავარაუდოდ, საგარეო ვაჭრობის გაძლიერებასაც უნდა ველოდოთ. თუკი ადრე, აშშ-ის ეკონომიკა არაბულ ნავთობზე დიდწილად იყო დამოკიდებული, ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და იმპორტი თანდათანობით შემცირდა, სანაცვლოდ, არაბულმა საინვესტიციო ფონდებმა ამერიკულ კორპორაციებს და სპორტულ კლუბებს მიაშურეს, სადაც პოზიციები გახსნეს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ $600-მილიარდიანი ინვესტიციის გარკვეულ ნაწილს სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის წარმომადგენლები მიიღებენ. ამ მოსაზრებას ის ამყარებს, რომ საუდის არაბეთი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, დიდწილად, სწორედ ამერიკულ იარაღს და თავდაცვით სისტემებს იყენებს. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, სატელეფონო საუბრის დროს, ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები