მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთი და პაკისტანი თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაიცავენ

სტრატეგიული შეთანხმება

საუდის არაბეთმა და პაკისტანმა სტრატეგიული ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობები გაღრმავდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მიერ რომელიმე ერთ ქვეყანაზე თავდასხმა, მეორეზე თავდასხმად აღიქმება. ეს შეთანხმება NATO-ს მე-5 მუხლს ჰგავს და დაკავშირებულია აზიასა და, ზოგადად, რეგიონში გაზრდილ უსაფრთხოების რისკებთან.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერას წინ მრავალწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა და მსგავსი მასშტაბის ისტორიული შეთანხმება მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება. ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ პაკისტანი ატომური შეიარაღების მქონე ქვეყანაა. ხელმოწერილ დოკუმენტში მკაფიოდ არ არის გაწერილი, გამოიყენებს თუ არა ქვეყანა ბირთვულ ქობინს უცხო ქვეყნის მიერ საუდის არაბეთზე შეტევის შემთხვევაში, თუმცა ჩაწერილია შემდეგი:

“პაკისტანი აცხადებს მზაობას, მოკავშირის დასაცავად გამოიყენოს ყველა სახის სამხედრო შეიარაღება, თუმცა გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, რისი საჭიროება გაჩნდება კონკრეტულ შემთხვევაში”.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის შეთანხმების დადება არანაირად არ ცვლის ორი ქვეყნის დამოკიდებულებას ინდოეთის მიმართ და მხარეები იტოვებენ უფლებას, შეინარჩუნონ ის პოზიციები, რომლებიც ამ ქვეყნის მიმართ აქვთ. მსგავსი შეთანხმებით საუდის არაბეთი ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები