მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის ნავთობმოპოვება 600,000 ბარელით შემცირდა

ნავთობი

საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა ქვეყნის ნავთობმოპოვების შესაძლებლობა დღე-ღამეში დაახლოებით 600,000 ბარელით შეამცირა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, დარტყმების შედეგად დაზიანდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური ნავთობსადენიც, რის გამოც მისი გამტარუნარიანობა 700,000 ბარელით დაეცა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იერიშებმა ერ-რიადის, იანბუსა და აღმოსავლეთ პროვინციის საკვანძო ნავთობგადასამუშავებელი, ელექტროენერგიისა და პეტროქიმიური საწარმოების მუშაობა შეაფერხა. აღსანიშნავია, რომ სამხედრო იერიშს ერთი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

სამიზნეებს შორის მანიფასა და ხურაისის ნავთობსაბადოები აღმოჩნდა, რამაც გლობალური მიწოდების ჯაჭვზე მყისიერი გავლენა იქონია. Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე იერიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში მიიტანა. ექსპერტთა შეფასებით, მიწოდების მოცულობის ნებისმიერი კლება ბაზარზე დეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

თავდასხმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ისეთ მსხვილ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, როგორიცაა SATORP-ი, SAMREF-ი. ასევე რას ტანურა. მომხდარის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა თხევადი და ბუნებრივი აირის ექსპორტიც, რადგან ხანძარმა ჯუ აიმაჰის გადასამუშავებელი ობიექტები დააზიანა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემატური იერიშები საოპერაციო და საავარიო მარაგების გამოლევას იწვევს, რაც მომხმარებელი ქვეყნებისთვის ენერგოუსაფრთხოების რისკებს გაზრდის.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა პერიოდი დასჭირდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენასა და ნავთობმოპოვების ძველი ნიშნულის დაბრუნებას.

ცნობისთვის, საუდის არაბეთზე ირანული რაკეტებითა და დრონებით იერიშები თებერვალში, ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურა. ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც ამჟამად ბლოკირებულია, გლობალური ენერგორესურსების მიწოდების თითქმის მეხუთედი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები