საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა, Public Investment Fund (PIF), საუდის პრო ლიგის კლუბ “ალ-ჰილალში” თავისი 70%-იანი წილი კომპანია Kingdom Holding Company-ს მიჰყიდა. აღნიშნული კომპანია ეკუთვნის მილიარდერ ბიზნესმენსა და საუდის სამეფო ოჯახის წევრს, პრინც ალვალეედ ბინ ტალალს.
გარიგების შედეგად “ალ-ჰილალის“ ღირებულება 1.4 მილიარდ საუდის რიალად (დაახლოებით $373.2 მილიონი) შეფასდა. კლუბს საუდის ლიგაში რეკორდული - 21 ჩემპიონობა აქვს მოგებული.
“ ”ალ-ჰილალი” ეროვნული სიმბოლოა და საუდის ხალხისთვის სიამაყის წყაროა.ეს ინვესტიცია გამოხატავს ჩვენს რწმენას სპორტის ძალის მიმართ, როგორც ერთიანობისა და ეროვნული განვითარების კატალიზატორის. გლობალური საინვესტიციო სტანდარტებისა და სტრატეგიული პარტნიორობების გამოყენებით, ჩვენ შევძლებთ “ალ-ჰილალის” სრული პოტენციალის გამოვლენას, მისი ისტორიისა და იდენტობის შენარჩუნებით“ - განაცხადა ბინ ტალალმა.
PIF-მა, რომელმაც 2021 წელს “ნიუკასლ იუნაიტედში” საკონტროლო წილი შეიძინა, 2023 წელს ოთხ წამყვან საუდის კლუბში “ალ-ჰილალში”, “ალ-იტიჰადში”, “ალ-ნასრსა” და “ალ-აჰლიში”, ასევე შეიძინა საკონტროლო პაკეტები.




























