საუდის არაბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა, აზიის ოლიმპიურ საბჭოსთან შეთანხმებით გამოაცხადა, რომ 2029 წლის ზამთრის აზიური ოლიმპიური თამაშები გაურკვეველი პერიოდით გადავადდება.
ოფიციალური ერ-რიადისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიება ნეომის უდაბნოში მდებარე ტროიენას სათხილამურო კურორტზე უნდა გამართულიყო. ოფიციალურ უწყებებს არ განუმარტავთ კონკრეტული მიზეზები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება ლოკაციის სრულად ტექნიკურად მომზადებას დათქმული დროისთვის ვერ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ ტროიენას სათხილამურო კურორტზე აზიის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პარალელურად ოფიციალურმა ერ-რიადმა 2034 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების და 2030 წლის საერთაშორისო გამოფენის მოწყობის პასუხისმგებლობაც აიღო. ნეომის უდაბნოში დაგეგმილი ღონისძიების გაურკვეველი ვადით გადავადება კი აჩენს ეჭვს, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყანა სხვა გლობალური ღონისძიებების მასპინძლობას.
ცნობისთვის, ნეომის უდაბნოში მდებარე მთაზე ტროიენას სათხილამურო კურორტის აგების ინიციატივა პირველად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გააჟღერა. ის აანონსებდა, რომ მასშტაბური ინოვაციური სამშენებლო პროექტის, NEOM-ის ფარგლებში შეიქმნებოდა უნიკალური ლოკაცია, სადაც თხილამურებით სრიალი წელიწადის ნებისმიერ დროს იქნებოდა შესაძლებელი, ამისთვის კი ხელოვნური თოვლი გამოიყენებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ცოტა ხნის წინ შეჩერდა მუშაობა NEOM-ის ერთ-ერთ მთავარ პროექტ "ხაზზე" (The Line), რომლის სიგრძეც 170 კილომეტრი უნდა ყოფილიყო, სიმაღლე ნახევარი კილომეტრი, სიგანე კი 200 მეტრი. აღნიშნული ფუტურისტული პროექტის ფაქტობრივმა დაპაუზებამ გააჩინა ეჭვი, რომ სალმანის ინიციატივით წამოწყებულ პროექტებს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. სავარაუდოა, რომ 2029 წლის აზიის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გადავადებაც მსგავსმა ვითარებამ განაპირობა.




























