საუდის არაბეთი ლიბანთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისთვის ემზადება. ერ-რიადში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანის ხელისუფლებამ სამეფოში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალურად შეტანის აღკვეთისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოფიციალურმა ბეირუთმა დაამტკიცა, რომ ის საუდის არაბეთთან დაახლოებით რეალურად არის დაინტერესებული და ტახტის მოსაყდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მოთხოვნას პატივისცემით ეკიდება.
აღსანიშნავია, რომ იმპორტზე მკაცრი შეზღუდვები საუდის არაბეთმა ლიბანს მრავალი წლის წინ დაუწესა. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას გავლენები სახელდებოდა.




























