საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი ამბობს, რომ საუდის არაბეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ტურიზმის ინდუსტრიაში.
როგორც მან მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა ამ მიმართულებით 800 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს. მინისტრმა გლობალურ ეკონომიკაში ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ტურიზმის ინდუსტრია გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და ასევე სამუშაო ადგილების დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს. გლობალურად შექმნილი ყოველი 8 სამუშაო ადგილიდან ერთ-ერთი ტურიზმის ინდუსტრიაზე მოდის. კოვიდის შემდგომ პერიოდში აღდგენა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. კოვიდი ძალიან რთული იყო მოგზაურობის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. ჩვენ ველოდებით, რომ წელს 1.5 მილიარდ მოგზაურს მივაღწევთ, რაც ისტორიული რიცხვია. ეს ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილებისთვის, ქალებისთვის. ინდუსტრიაში მომუშავეთა 45% ქალია, ამასთან, დასაქმებულების 80%-ს ახალგაზრდები წარმოადგენენ. ამიტომ, ყოველწლიურად უნდა შევიკრიბოთ, ვიზეიმოთ, განვიხილოთ გამოწვევები, რომლებიც ინდუსტრიის წინაშეა, ესენია: გარემოს, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა, ასევე სამუშაო ძალა და დაკავშირებადობა. ჩვენ, 155 წევრი ქვეყანა, ერთად ვმუშაობთ, რომ მოვიფიქროთ გამოსავალი ახალგაზრდების, ქალების წასახალისებლად, რათა ხელახლა შემოუერთდნენ სექტორს. ვინაიდან ვფართოვდებით, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები, ვაშენებთ ახალ ტურისტული დანიშნულების ადგილებს, თუ მაგალითს მოგიყვან, საუდის არაბეთში, ჩვენ ვაკეთებთ 800 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას ახალი ქალაქებისა და დანიშნულების ადგილების ასაშენებლად. 2030 წლამდე 250 000 ახალ ოთახს ავაშენებთ. ცხადია, ამ ოთახებს სჭირდება კადრები, ახალგაზრდები, რომლებიც სტუმრებს მოემსახურებიან. მსოფლიოში არის სამუშაო ძალა, ჩვენ სექტორი მიმზიდველი უნდა გავხადოთ, რომ შევთავაზოთ გარანტირებული კარიერა და ჩავდოთ ინვესტიცია მათ განვითარებაში", - აღნიშნა აჰმედ ალ ხათიბმა.
მისი რჩევა საქართველოსთვის და UNWTO-ის სხვა წევრებისთვის ტურიზმში შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებაა.
"ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა გამონაკლისია. საუდის არაბეთის მეტ ინვესტიციას დებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ სექტორში, ვინაიდან ტურიზმის ინდუსტრია ახალია ჩვენთვის. ტურისტული ვიზები 2019 წელს შემოვიღეთ და გასულ წელს 27 მილიონი ვიზიტორი მივიღეთ.
[საქართველოში] გაქვთ შესანიშნავი კულტურა, შესანიშნავი, მეგობრული ხალხი, გჭირდებათ ინვესტიცია რიტეილის გაფართოებაში, გართობაში, საკვებსა და სასმელში, სასტუმროებში. მაგალითად, ეს სასტუმრო, რომელშიც ვრჩებით, ახლახან გაიხსნა და ნამდვილად სასიამოვნო დანამატია ქალაქისთვის",- განაცხადა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა.
ცნობისთვის, თბილისში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება დღეს გაიხსნა. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს.