მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთში ალკოჰოლის პირველი მაღაზია გაიხსნა

საუდის არაბეთი - ალკოჰოლი

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში პირველი მაღაზია გაიხსნა, სადაც ალკოჰოლი გაიყიდება. კი, ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთისთვის საეტაპოა, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც არაბულ სახელმწიფოში ალკოჰოლის მიმართ არსებობს, არ შეცვლილა, რადგან ეს მაღაზია დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში გაიხსნა და მისი სტუმრობა მხოლოდ არამუსლიმ დიპლომატებს შეუძლიათ.

საუდის არაბეთში, მოგეხსენებათ, ალკოჰოლი აკრძალულია, თანაც ჯერ კიდევ 1952 წლიდან, როცა უფლისწულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ბრიტანელი დიპლომატი მოკლა. ალკოჰოლის მიღებას, მოგეხსენებათ, ისლამიც კრძალავს, ხოლო საუდის არაბეთი მეტად რელიგიური სახელმწიფოა.

საუდის არაბეთში არსებული მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად, ალკოჰოლი ქვეყანაში მაინც შემოდიოდა, უმეტესწილად, არალეგალურად. ალკოჰოლის შეძენა უცხოელ დიპლომატებს საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ამ დრომდეც შეეძლოთ, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ სასმელი მათ დიპლომატიური ჩანთებითაც შემოჰქონდათ, რომელთა შემოწმების უფლება არავის აქვს. ამ გზით შემოსული ალკოჰოლი კი, ხშირად, შავ ბაზარზე იყიდებოდა, ცხადია, დიდ ფასად. არყის ერთლიტრიანი ბოთლი, მაგალითად, შავ ბაზარზე $600-მდე ღირს, ხოლო ამერიკული ვისკის, Johnnie Walker Blue Label-ის ფასი $1,000-$2,000-მდე მერყეობს, როცა საქართველოში, მაგალითად, 920 ლარი, ანუ $340 ღირს.

ქვეყანაში ლეგალურად გაყიდული ალკოჰოლი შავ ბაზარზე რომ არ მოხვდეს, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა - მაღაზიაში მოსახვედრად, ადამიანი სპეციალურ აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდეს და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დასტური მიიღოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ქვეყნის ხელისუფლება კვოტას აწესებს, ანუ დიპლომატები გარკვეული მოცულობის ალკოჰოლური პროდუქტების შეძენას შეძლებენ - ასე, საუდის არაბეთის ხელისუფლება შავი ბაზრის პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები