საუდის არაბეთთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე მემორანდუმი გაფორმდება - ამის შესახებ ცნობილი საუდის არაბეთში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის ვიზიტის შემდეგ გახდა. იგი საუდის არაბეთში ინვესტიციების მინისტრის მოადგილე ფარი ალ გარნის შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე. გენადი არველაძემ განაცხადა, რომ ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმება შედგა.
BMG დაინტერესდა, როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან იკვეთება, მხოლოდ მეორე კვარტალში, საუდის არაბეთიდან საქართველოში $1.34 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. წლის პირველ ნახევარში კი FDI-ის მოცულობამ $4.18 მილიონი შეადგინა. ეს 72%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, როცა FDI $2.43 მილიონი იყო.
რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ვაჭრობამ $10.7 მილიონი შეადგინა, რაც, დაახლოებით, $400 ათასით შემცირებული მაჩვენებელია, ვიდრე 2024 წლის 8 თვეში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სრული სავაჭრო ბრუნვა $38 მილიონს აღემატება, რაც რეკორდული მაჩვენებელია სულ მცირე 2015 წლიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტის ღირებულებამ $7.7 მილიონი შეადგინა.
TOP 5 პროდუქტი, რომელიც საუდის არაბეთში გაგვაქვს - ათასი აშშ დოლარი
- ცხვრები და თხები ცოცხალი - 2 769.8
- ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 1 865.4
- თხილი და სხვა კაკალი - 1 615.7
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 464.0
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 295.7
ამავე პერიოდში საუდის არაბეთიდან საქართველოში $3.03 მილიონის ღირებულების პროდუქტი შემოვიდა.
TOP 5 პროდუქტი, რომელიც საუდის არაბეთიდან შემოგვაქვს - ათასი აშშ დოლარი
- პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - 1 802.4
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 629.1
- ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - 381.6
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 77.7
- პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 40.1
ამასთან, საქართველო საუდის არაბეთიდან საერთაშორისო ვიზიტორებსაც მასპინძლობს. 2025 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში 26 910 ვიზიტი განხორციელდა - 4 639-ით ნაკლები, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.




























