მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო მდგომარეობა სომხეთშია, აზერბაიჯანში ინფლაცია აჩქარდა - Gnomon Wise-ის მიმოხილვა

12

Gnomon Wise-ის კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი კავკასიის რეგიონში, ძირითადად, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს იმეორებს. საუკეთესო მდგომარეობა სომხეთშია, ხოლო ფასების დონის ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში დაფიქსირდა.

2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4% იყო, 2022 წელს 7.8%-ს აღწევდა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი ზრდამ 6.5% შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით მდგომარეობა კი ასეთია:

  • 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ თერთმეტ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ტელეკომუნიკაციების და ტრანსპორტის სექტორებმა შეიტანა. კლება დაფიქსირდა დამმუშავებელ მრეწველობაში.
  • 2023 წელს სომხეთის ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 7.4%-ით გაფართოვდა. სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებულ როლს სავაჭრო სექტორი თამაშობს, რომელმაც ამ პერიოდში 18%-ით მოიმატა, სამშენებლო დარგმა კი - 14.9%-ით.
  • რეგიონში ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი აზერბაიჯანში დაფიქსირდა. 2023 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ თერთმეტ თვეში ზრდამ 4.1% შეადგინა. აზერბაიჯანის ეკონომიკის 33.6%-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იკავებს. ამ ინდუსტრიის გარეშე, ზრდის ტემპმა 6.4% შეადგინა.

მიმოხილვის მიხედვით, ინფლაციის და მონეტარული პოლიტიკის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • 2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.9% შეადგინა. დეკემბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.7%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.7%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
  • რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 1.5% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2.6%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე შემცირდა.
  • აზერბაიჯანში ინფლაცია აჩქარდა. 2024 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. ნოემბერში ეს ნიშნული 4.4% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები