"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, თსუს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის იმაზე ნაკლები დანაკარგი იქნება, ვიდრე ამის გარეშე იქნებოდა.
ზვიად გაბისონიამ ამის შესახებ პარლამენტში "ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"17 წელი ვიყავი [ტექნიკური უნივერსიტეტის] პროფესორი და ძალიან კარგად ვიცნობ ბევრ მათგანს... ემოციურ დონეზე აბსოლუტურად მესმის ეს საკითხი და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული...
[უნივერსიტეტების] გაერთიანებასთან დაკავშირებით, როგორც იურისტი, გულწრფელად გეტყვით, მივიჩნიეთ, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა, აკადემიურმა კადრებმა შეინარჩუნონ პოზიციები.
სხვა შემთხვევაში გაცილებით მეტი დანაკარგები იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვფიქრობთ. პრეტენზია არ გვაქვს, რომ იდეალური მოდელია, მაგრამ გულწრფელად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან ფრთხილები ვიყოთ და ყველას უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ, განსაკუთრებით შრომით უფლებებს, სამსახურებს ვგულისხმობ", - თქვა ზვიად გაბისონიამ.




























