დღეს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) მე-5 საიუბილეო კონკურსის ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
გამორჩეული და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების კომპანიების დასახელების, BARTA-ს კონკურსი მსოფლიო ბანკის ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) პარტნიორობით იმართება. აღსანიშნია, რომ წელს BARTA გაფართოვდა და პირველად გაიხსნა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ისევე როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორის A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი ყველა კომპანია შედის.
BARTA 2023-ის გამარჯვებულები კი სხვადასხვა კატეგორიაში არიან:
- გამარჯვებული მსხვილი ფინანსური ორგანიზაცია: TBC Bank JSC;
- საპატიო ჯილდო მსხვილი ფინანსური ორგანიზაცია: MFO Crystal JSC;
- გამარჯვებული მსხვილი არაფინანსური ორგანიზაცია: Silknet JSC;
- საპატიო ჯილდო მსხვილი არაფინანსური ორგანიზაცია: Georgian Railway JSC;
- გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიაში: TBC Leasing JSC;
- საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიაში: MFO MBC JSC;
- გამარჯვებული მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში: Bank of Georgia JSC;
- საპატიო ჯილდო მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში: Lisi Lake Development JSC;
BARTA-ს 2023 წლის კონკურსს განსაკუთრებული კატეგორიაც აქვს - მე-5 საიუბილეო დაჯილდოების ყველაზე საუკეთესო ანგარიშის ჯილდო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას United Airports of Georgia LLC გადაეცა.
ცნობისთვის: საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად განახორციელა. შედეგად მდგრადი ანგარიშგება ევროკავშირში ისეთივე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორიც ფინანსურ ანგარიშგებას უკავია.
კონკურსის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. ორგანიზატორთა შეფასებით, ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.