მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საუკუნის შტორმი”: კარიბის რეგიონში ქარიშხალ “მელისას” ებრძვიან

მელისა

მას შემდეგ, რაც მეხუთე კატეგორიის შტორმმა იამაიკას გადაუარა, ქარიშხალი “მელისა” კუბასკენ დაიძრა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ძლიერი ქარის, მწვავე წყალდიდობებისა და მეწყრების გამო, “მელისა” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ატლანტიკურ ქარიშხლად შეფასდა.

კუბას პრეზიდენტმა მოსახლეობა, მისივე სიტყვებით, “ძალიან მძიმე ღამისთვის” შეამზადა. მისი განცხადებით, მეოთხე კატეგორიის შტორმი კუნძულის რიგით მეორე უდიდესი ქალაქისკენ, სანტიაგო დე კუბასკენ მიემართება.

სამშაბათს იამაიკის მთავრობის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო და წმინდა ელიზაბეტის დასახლება მთლიანად წყალქვეშ მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ იამაიკის ნაწილში სულ მცირე სამი ოჯახია ჩარჩენილი - მძიმე პირობების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მათ სახლებამდე მიღწევას ვერ ახერხებს. მთავრობას სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

გუბერნატორ დესმონდ მაკენზის აღწერით, “იამაიკის ერთ-ერთ ყველაზე უარესი გამოცდილების” შედეგად, 530 ათასზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, 15 ათასამდე კი - თავშესაფარში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მწვავეა ზარალი წმინდა ელიზაბეტის დასახლებაში; დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც, შენობებს კი სახურავები აქვთ ახდილი.

ქარიშხალი მელისა იამაიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა 1851 წლიდან დღემდე, შტორმის შედეგებმა გავლენა ქვეყნის 2.8 მილიონ მოსახლეზე იქონია. იმავე მასშტაბებს ელიან კუბაშიც.

“გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ქარიშხალი ერთ-ერთი, ან ყველაზე ძლიერი სტიქია იქნება, კუბას ისტორიაში”, - განაცხადა კუბას პრეზიდენტმა, მიდელ დიაზ-კანელმა. მან მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ იამაიკის დატოვების შემდეგ, ქარის სიჩქარე 70 კმ/სთ-მდე შემცირდა, შტორმი კი მეოთხე კატეგორიაში გადავიდა. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ის წყალდიდობასა და ინფრასტრუქტურის დაზიანებას მაინც გამოიწვევს. პრეზიდენტის ცნობით, კუბაში 500 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები