მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სავაჭრო ბალანსი, რომელიც ჩინეთთან გვქონდა, თითქმის გაგვიორმაგდა"

581de5a49c843
BM.GE
05.11.16 18:15
1554
ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით „ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუბრობს.

- როდიდან უნდა ველოდოთ პირველ შედეგებს, რომელიც შეიძლება ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობას მოყვეს და კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა დავაკვირდეთ ამ შედეგებს?

-მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე უპრეცედენტოა, რადგან ამ მოკლე პერიოდში ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ურთიერთობები ნამდვილად უპრეცედენტოა და ძალიან მაღალ დონეზეა ასული. ეს იმ მაღალი დონის ვიზიტებით არის გამოხატული, რომელიც ორ ქვეყანას შორის შედგა. ასევე, იმ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ჯერ კიდევ, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შესული არ არის, აღნიშნულმა შეთანხმებამ უკვე სარგებელი მოიტანა, თუნდაც, ვაჭრობის კუთხით. ჩვენ ის სავაჭრო ბალანსი, რომელიც ჩინეთთან გვქონდა თითქმის გაგვიორმაგდა. მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი. ექსპორტის 9 თვის მონაცემები, თითქმის 51%-ზე მეტი ზრდა გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი ინვესტორია დაინტერესებული ჩინეთიდან ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩინეთიდან მოსაზიდად ინვესტორებისთვის ერთგვარი მესიჯი იყო, რომ ჩინეთს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველო ჩინეთისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება და შესაბამისად, ინვესტიციების ინტერესიც იზრდება.

-ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პერმიერმა განაცხადა, რომ სამონტაჟო სამუშაოებისთვის და მუშახელისთვის გათვალისწინებული სამთვიანი ვადა ჩინეთის შემთხვევაში ოთხ თვემდეა გაზრდილი, ხომ ვერ გვეტყვით რა არის ამის მიზეზი და ჩინელი მუშახელისთვის ეს ვადა რატომ გაიზარდა?

-ეს მომსახურების ნაწილია, რომელიც ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ერთმანეთისთვის იმაზე მეტი პრეფერენცია მიგვენიჭებინა მომსახურების სფეროში, ვიდრე ეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში ისედაც გვაქვს. შესაბამისად, ეს სამი თვე ოთხ თვემდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურება ჩინურ კომპანიაში დასაქმებულ პიროვნებას შეუძლია მაქსიმუმ ოთხი თვის განმავლობაში მიაწოდოს. მაგალითისთვის განმვარტავ, თუ რაღაც აპარატურა ჩამოდის და მონტაჟია საჭირო, რომელიც იმ კომპანიას გააჩნია, რომელიც ჩინეთიდან მომწოდებელია, შესაბამისად, ეს სპეციალისტი საქართველოში ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს იმაში, რომ გამართოს ესა თუ ის აპარატურა, რომლის შესყიდვაც ჩინეთის კონკრეტული კომპანიიდან მოხდება. ანუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების მოწოდება ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში და აღნიშნული შეთანხმება არანაირად არ ეხება ვიზას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები