2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს (23.4 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 047.1 მლნ. აშშ დოლარი (25.9 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.0 პროცენტი და იმპორტში 29.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.8, 25.9 და 28.4 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში 29.7 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-მაისში 1 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 32.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 584.0 მლნ. აშშ დოლარი (52.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 092.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.2 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 45.5 პროცენტი და იმპორტში 30.2 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 32.2, 38.2 და 30.1 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.9 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში 25.9 პროცენტი).

























