მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავაჭრო ცენტრებს სავალდებულო დაზღვევის პროექტზე შენიშვნები აქვთ

5a65d69d96842
ელენე გოგბერაშვილი
22.01.18 16:15
1291
მთავრობის დადგენილება, რომლითაც მასობრივი თავშეყრის ობიექტებს - სავაჭრო ცენტრებს, ბაზრობებს, ავტოგასამართ სადგურებსა და სასტუმროებს - მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ, ძალაში 1 მარტიდან შედის.

დადგენილების არსებული ფორმით მიღებას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების წარმომადგენლებში ჰყავს. ასოციაციის იურისტი, რომელიც 20-მეტ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს, BM.GE-თან საუბარში აცხადებს, რომ დაზღვევის აღნიშნული წესი სოლიდურ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

გიგა კვერენჩხილაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებში გააჩინოს საკუთარი ქონებისა თუ ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურა, ბიზნესს მეწარმეების დაზღვევის ვალდებულებას აკისრებს.

"მივიღეთ ნორმატიული აქტი, რომელიც ხელსაყრელია მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებისათვის. დადგენილება გამოიწვევს ბაზრობის მფლობელის, როგორც მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებას და პარალიზებასაც კი. თუ მაინც ამ სახით დარჩა დადგენილება, მაშინ ის დანახარჯები, რაც უნდა გაიღოს ბაზრობის ორგანიზატორმა, საბოლოო ჯამში აისახება საიჯარო ქირის ოდენობაზე. ვინაიდან როგორც ბაზრობის ორგანიზატორი, ასევე ბაზრობაზე დასაქმებული ყველა პირი თავად არის მეწარმე სუბიექტი და ეწევა კომერციულ საქმიანობას, მიდგომაც უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით სამართლებრივი ფორმებით მოვითხოვოთ დასახელებული დადგენილების, როგორც არასამართლიანის და დისკრიმინაციულის ბათილობა სასამართლო წესით”,-აცხადებს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის იურისტი.

ბიზნესს მიაჩნია, რომ სამართლიანი და კანონიერი იქნება, თუ განხორციელდება მხოლოდ საკუთარი ქონების სავალდებულო დაზღვევა ბაზრობის ორგანიზატორის და მოვაჭრეების მხრიდან, თუმცა, ასოციაცია სრულად იზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზრობის ორგანიზატორმა სავალდებულო წესით დააზღვიოს მოვაჭრეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი 300 000 ლარის ფარგლებში.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების ერთობლივი შენიშვნების დოკმენტი უკვე გადაეგზავნა ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს, თუმცა როგორც მათი იურისტი ამბობს, ამ დრომდე მათი არცერთი შენიშვნა გათვალისიწნებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები