„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის არსებული რედაქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ თამბაქოს ნაწარმი ან აქსესუარი სურსათისგან და სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა იყიდებოდეს. სწორედ ამ ნაწილში ითხოვენ მაღაზიების წარმომადგენლები ცვლილებების ინიციატორი ჯანდაცვის კომიტეტისგან განმარტებას, რა იგულისხმება სხვა პროდუქტებში და სად იქნება მათთვის თამბაქოს რეალიზაცია დაშვებული.
„სხვა პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერი და სად უნდა წაიღონ მცირე მეწარმეებმა თამბაქო, სად უნდა გადამალონ ან როგორ უნდა დამალონ, ჩვენთვის წარმოუდგენელია. სურსათისგან განცალკევება მესმის, მაგრამ „და სხვა პროდუქტისგან“ განცალკევებით ჩემთვის გაუგებარია. მაშინ მაღაზიამ სად უნდა დადოს. დიდ ქსელებზე არ მაქვს საუბარი, მათ აქვთ ადგილი რომ შეინახონ და მოათავსონ თამბაქოს პროდუქცია, მაგრამ პატარა მაღაზიებმა სად შეიძლება მოახერხონ თამბაქოს გადამალვა, ჩვენთვის გაუგებარია“-აცხადებს ბექა მიდელაური, მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარე.
თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი განმარტავს, რომ ამ რეგულაციის მთავარი ეფექტი, ბაზრიდან ძალიან ბევრი მეწარმის გაქრობა იქნება. ზვიად სხვიტარიძე, რომელიც „ბრითიშ ემერიქან თობაქოს წარმოადგენს“, ფიქრობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის ფორმატში არ უნდა წყდებოდეს.
„75% მაღაზიების არის დაახლოებით 25-30 კვადრატის და ფიზიკურად შეუძლებელია თამბაქოს პროდუქტის სადმე წაღება ანუ ეს რას ნიშნავს: 7500 მაღაზია დაკარგავს იმ კონტრაქტს, რომელიც მას აქვს სხვადასხვა კომპანიებთან და დაკარგება სამუშაო ადგილები. ეს ბიზნესის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, ამიტომ ჯანდაცვის კომიტეტი არ უნდა იყოს გადამწყვეტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ჯანდაცვის კომიტეტის უკან არიან ამოფარებულები არასამთვარობოები, რომლებიც აბსურდული ინიციატივით გამოდიან. ეს უნდა იყოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადასაწყვეტი, იმიტომ რომ, ამას აქვს ძალიან დიდი ნეგატიური ეფექტი. რეგულირების გავლენის შეფასების გარეშე, ასეთი გადაწყვეტილება მიიყვანს კატასტროფამდე ქვეყანას“-აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.
რომელ პროდუქტებთან ერთად აიკრძალება თამბაქოს რეალიზაცია, ამის ზუსტ ფორმულირებაზე ჯანდაცვის კომიტეტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ. კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე განმრტავს, რომ მათ ბიზნესს მისცეს დრო ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურთან ერთად იმსჯელონ. მისი თქმით, ცვლილებების პროექტი კომიტეტზე სავარაუდოდ ორი კვირის ვადაში გავა.
„მთავარი არსი არის ის, რომ სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა იყიდებოდეს თამბაქო და ეს განცალკევებით რომ არ ნიშნავს, რომ სხვა მაღაზიაში უნდა იყიდებოდეს, ამის ფორმულირებაზე შემოსავლების სამსახურთან ერთად მივეცით ვადა რომ იმსჯელონ. განზრახვა არის, რომ თამბაქო იყიდებოდეს განცალკევებით და არ იყოს საღეჭ რეზინთან და შოკოლადთან ერთად პირდაპირ მოთავსებული სალაროსთან“-აცხადებს აკაკი ზოიძე.
თამბაქოს ნაწარმის სურსათთან და სხვა პროდუქტებთან ერთად რეალიზაციის აკრძალვის საკითხზე კონსულტაციები ბიზნესთან შემოსავლების სამსახურში გრძელდება.