სავაჭრო ქსელებში სურსათზე ფასებმა 40%-მდე მოიმატა, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ.
როგორც ირკვევა, ლარის დევალვაციისა და რიგ პროდუქციაზე აქციზის გაზრდის გამო პროდუქცია ბოლო თვე-თვენახევრის განმავლობაში გაძვირდა.
სავაჭრო ქსელ "ნიკორაში" აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ლარის დევალვაციის ფონზე, მომწოდებლების მხრიდან მასობრივად მოხდა პროდუქციაზე ფასების მომატება - საშუალოდ, 15%-დან 40%-მდე.
"ცვლილება შეეხო ფაქტობრივად ყველა იმპორტიორ კომპანიას, ადგილობრივი ორგანიზაციებიდან კი გამონაკლისი ჯერჯერობით მხოლოდ პურის მწარმოებელი კომპანიები არიან.
ბუნებრივია, ზემოთაღნიშნული ცვლილებები „ნიკორას“ სუპერმარკეტების დახლებზეც აისახა... თუმცა, კომპანია მაქსიმალურად შეეცადა და მარჟის შემცირების ხარჯზე სოციალურ პროდუქტებზე, ფასის მინიმალური მატება დააფიქსირა“,- აცხადებენ მაღაზიათა ქსელში.
რაც შეეხება თავად "ნიკორას" წარმოებულ პროდუქციას, მათი თქმით, ხორცპროდუქტებსა და ნახევარფაბრიკატებზე ფასების მატება ჯერჯერობით არ მომხდარა.
"მაქსიმალურად ვცდილობთ ცვლილებები თავიდან ავიცილო. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ წარმოება დამოკიდებულია იმპორტზე - ნედლეულის შემოტანა საზღვარგარეთიდან ხდება და თუ პროცესი არ დასტაბილურდა, ფასების გადახედვა გარდაუვალი იქნება",- აცხადებენ კომპანიაში.
ფასების მატებაზე საუბრობენ მაღაზიათა ქსელ "ორ ნაბიჯშიც". კომპანიის კომერციული დირექტორი მიშა ძოწენიძე „ბიზნეკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ მათს ქსელში ცალკეული პროდუქცია 5%-დან 20%-მდე გაძვირდა.
მიშა ძოწენიძის ინფორმაციით, ფასებმა მოიმატა როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი პროდუქციის ნაწილზე.
"აქციზის მატების გამო თამბაქოზე ფასებმა მოიმატა. რძის ნაწარმზე ყველას არ მოუმატია, მხოლოდ ნაწილმა მოამატა სხვადასხვა პროცენტულობით. ფასებმა მოიმატა როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციაზე. გაძვირება ბაზარზე დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებიდან აისახა, თუმცა, კომპანიებმა ამის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში შეგვატყობინეს",- აცხადებს "ორი ნაბიჯის" კომერციული დურექტორი.

























