სავაჭრო ქსელი Carrefour ყაზახეთს ტოვებს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ალმაატაში მაღაზიები 2 ივლისიდან დაიხურება. ინფორმაცია სავაჭრო ქსელების ადგილობრივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა.
ყაზახურ მედიაში „კარფურის“ ბაზრიდან გასვლის რამდენიმე მიზეზი სახელდება, მათ შორის ერთ-ერთია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება.
"ვფიქრობCarrefour-მა ვერ შეძლო ყაზახების მენტალიტეტის შეცვლა საფასო პოლიტიკაში და ვერ შეძლო ლოიალური აუდიტორიის შექმნა, რომელიც მივიდოდა სავაჭრო ქსელში მთელი დღის განმავლობაში. მეორე პრობლემა, მისი ადგილმდებარეობა იყო, რომელიც შორსაა დასახლებული პუნქტიდან. მესამე პრობლემა სუსტი სარეკლამო კამპანიაა, რომელიც Carrefour-მა აწარმოა",- აცხადებს ყაზახეთის ფრენჩაიზინგის ასოციაციის წარმომადგენელი.
თავად სუპერმარკეტის დირექტორი კი აცხადებს, რომ Carrefour-ის გასვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი კონკურენციაა. ის, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დევალვაციას ასახელებს.
სავაჭრო ქსელების ფრანგული ბრენდი ყაზახეთში 2016 წელს შევიდა. როგორც ადგილობივი მედია აცხადებს, პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ ითქვა, რომ კომპანია დამატებით 10 სავაჭრო ობიექტს გახსნიდა.

























