საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 27 ივნისს, სასტუმრო "ანაკლიაში“ ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები შეხვდნენ. ღონისძიება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი რეგიონული შეხვედრების პროექტის ფარგლებში ზუგდიდში ჩავიდა და ადგილობრივი მეწარმეების პრობლემები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც ძირითადად თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერ-ზეთების წარმოებას შეეხებოდა. პალატამ გადაწყვიტა მათ აღმოსაფხვრელად ბიზნეს-სექტორისთვის კონკრეტული პროექტები შეეთავაზებინა.
შეხვედრას ანაკლიაში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებმა ჯერ GIZ-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციები მოისმინეს, შემდეგ კი ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გადავიდა. მეწარმეებმა ამჯერად უკვე კონკრეტული დახმარების მიღების მიზნით პრეზენტატორებს კონკრეტული პრობლემები გააცნეს და მხარეებმა მათი გადაჭრისგზები განიხილეს.
რეგიონული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა ქუთაისსა და ზუგდიდში. მასთან სასაუბროდ არა მხოლოდ პალატის წევრი კომპანიები, არამედ სხვა მეწარმეებიც იკრიბებიან. პრეზენტაციების შემდეგ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი დისკუსიის რეჟიმში გადადის, სადაც მეწარმეები თავიანთ პრობლემებზე ღიად საუბრობენ. ასეთი შეხვედრების შემდეგ პალატა კ პრობლემების კონკრეტულ ადრესატამდე მიტანისა და მათი აღმოფხვრის მიზნით სხვა და სხვა ღონისძიებებს გეგმავს.

























