საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ამ დროისთვის კი სრულად აცრილია სამიზნე ჯგუფის 29.3% და აღსანიშნავია, რომ სექტემბრის განმავლობაში ვაქცინაციის დღიური სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, 4 ოქტომბერს მხოლოდ 8 106 ადამიანი აიცრა.
„ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება კვლავაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება“, - თქვა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ვაქცინაციის წასახალისებლად გეგმავს. მათ შორისაა: „ვაქცინაციის მარათონები“ სოფლად და ასევე, როგორც დღეს გახდა ცნობილი, თითოეული პენსიონერის დარწმუნების და ორჯერადაც აცრის შემთხვევაში, ექიმი და ექთანი დამატებით, სავარაუდოდ, 4-4 ლარს მიიღებენ.
თავის მხრივ, მედიამ კიდევ ერთხელ დასვა კითხვა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების, კერძოდ, მასწავლებლების და სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციაზე, რადგან როგორც ცნობილია, NCDC-ის დირექტორი ამის მომხრეა, თუმცა როგორც ჩანს, უწყებათშორისი საბჭოს მხარდაჭერა ამ დრომდე ვერ მიიღო.
„გიდასტურებთ, ეს არის ჩემი - ამირან გამყრელიძის პირადი მოსაზრება, რომელიც განიხილება, რა თქმა უნდა. ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ. ვიმეორებ იმას, რაც ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, მე მომხრე ვარ, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო, თუმცა, ჯერჯერობით, საბჭოზე ეს საკითხი არ განიხილება“, - თქვა დღესაც ამირან გამყრელიძემ.
ფაქტია, ჯერჯერობით, NCDC-ის მენეჯმენტისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ჯანდაცვის სამინისტროში. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება - იგივე გაიმეორა დღეს მინისტრის მოადგილემაც.
„სავალდებულო ვაქცინაცია პაციენტის უფლებების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება და სამედიცინო ინტერვენცია შეიძლება შესრულდეს მხოლოდ პაციენტის ნებართვით და გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, თუ რა არის განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“, - თქვა თამარ გაბუნიამ.
„მე საკმაოდ ვერკვევი იურისპრუდენციაში - საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა; როცა პანდემიაა, თქვენ შეგიძლიათ შემოიღოთ გარკვეული მანდატორიზმი. ეს შეიძლება არ დაემთხვეს სხვების მოსაზრებას, მაგრამ მე ამას არ ვმალავ, ვაჟღერებ.
ყველაზე დიდი საერთაშორისო დოკუმენტი ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს დეკლარაციაა, სადაც ერთ-ერთი პირველი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა. ამიტომ როდესაც სავალდებულოობის საკითხი დგება, ყოველთვის ბჭობაა შევდივართ თუ არა წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან მიმართებით. ერთიანი აზრი ამაზე არასდროსაა. ამიტომ სანამ მანდატორიზმზე გადავალთ ყველაფერი უნდა ვცადოთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.