დოლარი გამყარდა ძირითადი სავალუტო კალათის მიმართ ხუთშაბათს, თუმცა მისი გამყარება შეზღუდა საბინადრო მონაცემების გამოსვლამ და ფედერალური სარეზერვო ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ ახალმა განაცხადმა. ამერიკაში უმუშევრობის შემწეობის მომთხოვნთა რაოდენობა დაახლოებით 10,000-ით გაიზარდა, რაც 3,000-ით მეტია პროგნოზირებულზე. ამასთანავე, ოთხშაბათს დოლარი აზარალა ფედერალური სარეზერვო ბანკის განაცხადმა, რომ ინფლაცია სამიზნე 2%-ს ქვემოთ რჩება.
ცენტრალური ბანკის გამაფრთხილებელმა ტონმა ინვესტორებში მერყეობა გამოიწვია იმის თაობაზე, იქნება თუ არა მესამედ წელს საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ანუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც დოლარს გაამყარებდა. ამიტომ დოლარის შეძენას ამ დღეებში მოერიდნენ, შემცირებულმა მოთხოვნამ კი ოთხშაბათს ვალუტის გაიაფება გამოიწვია. ორწელნახევარია რაც დოლარი ისეთი იაფი არ ყოფილა ევროს მიმართ, როგორც ოთხშაბათს, როცა ერთი ევროს ფასი დოლარსა და 18 ცენტს მიუახლოვდა, თუმცა, ხუთშაბათს სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა და კურსი დოლარსა და 17 ცენტს ქვემოთ დაეშვა. გირვანქა სტერლინგი დოლარი და 31 ცენტი ღირს, ხოლო რაც შეეხება იენს, ერთი დოლარის ფასი ხუთშაბათს ზუსტად 111.5 იენზე დაჯდა. ბიტკოინმა ზრდის ტრენდი დაიბრუნა და 2,600 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა, თუმცა ეთერიუმი თითქმის უცვლელია და 205 დოლარი ღირს.

























