მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ფონდის მხრიდან ეროვნული ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკა აღინიშნა - თურნავა

ნათია თურნავა

"სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა გონივრულია, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

IMF-ის მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობდა, დღეს სებ-ის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ნათია თურნავამ ისაუბრა მონეტარულ პოლიტიკასთან და ბუფერების გაუმჯობესების მიმართულებით ფონდის დადებითი შეფასების შესახებ.

"ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციას. მოგეხსენებათ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო, 2025 წელს მშპ-სთან მიმართებით 2.6% შეადგინა. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ხელსაყრელი პირობებია საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების გაგრძელებისთვის. ასევე შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობის არხებით. სავალუტო ფონდმაც თავის მიმოხილვაში აღნიშნა, რომ გასულ წელს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა", - აღნიშნა ნათია თურნავა.

მან ასევე ისაუბრა ინფლაციურ მოლოდინებზე და ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური მოლოდინების თვალსაზრისით, სენტიმენტები კარგად არის მართული. მისივე თქმით, ამავდროულად გასათვალისწინებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რამაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მაღალი მერყეობა და ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რაც ფასებზე დამატებითი ზეწოლაა.

„ეს არის დამატებითი ინფლაციური შოკი, რომლის სიძლიერე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასტაბილურებაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ფრთხილი და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებით, რისთვისაც ვართ მზად“, - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას თქმით, სსფ-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. მისი განმარტებით, სსფ-ის შეფასებით სებ-ის მხრიდან მმართველობის გაუმჯოსებების კუთხით სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე მიდის მუშაობა.

„ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისითაც, კარგი პროგრესი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავად სავალუტო ფონდი კი მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორედ აღნიშნა, რომ მზარდი ინფლაციური წნეხის პირობებში სებ-ი განაკვეთის გამკაცრებისთვის მზადაა.

"მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა. მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან შენარჩუნებაზე უნდა იყოს მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკას გარდამავალ მიწოდების შოკებთან გამკლავება უწევს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად აღნიშნა, რომ პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზადაა, იმ შემთხვევაში თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდება, ინფლაციის მეორე რაუნდის ეფექტები წარმოიქმნება ან ინფლაციური მოლოდინების მართვის რისკები გაძლიერდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო სავალუტო ინტერვენციები შეზღუდული უნდა იყოს მხოლოდ ჭარბი მერყეობის ეპიზოდების შესარბილებლად. ამავე დროს, შესაძლებლობის შემთხვევაში რეზერვების დაგროვება ბუფერებს გაზრდის საქართველოს მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკისთვის", - ნათქვამია ფონდის მისიის დღევანდელ შეფასებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები