მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ინტერვენციების განრიგი და მოცულობა წინასწარ იქნება ცნობილი

5c249b0959d54
BM.GE
27.12.18 13:20
943
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ახალ ინსტრუმენტს შემოიღებს. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ “საქმის კურსთან” ინტერვიუში თქვა, რომ სავარაუდოდ 2019 წლიდან ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს განსხვავებული მექანიზმით განახორციელებს. კონკრეტულად კი წინასწარვე იქნება ცნობილი, რა მოცულობის ინტერვენციის განხორციელება იქნება დაგეგმილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროგრამის კონკრეტული მექანიზმის შესახებ სებ-ი სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.

“ეს არის ერთ-ერთი ინსტუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს და მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამავე დროს ყოველთვის ვავითარებთ ჩვენ ჩარჩოს მონეტარული პოლიტიკის, ყოველთვის ვეძებთ ახალს, რისი დამატებაც შეგვიძლია. ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრი მონეტარული ინსტრუმენტი, რომელმაც სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა გამოწვევების შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც გვინდა რომ დავნერგოთ შემდეგი წლიდან. ეს იქნება ოფციებით ვაჭრობა, ანუ წინასწარ გამოვაცხადებთ თუ რა მოცულობის სავალუტო რეზერვის შესყიდვას ვგეგმავთ. შემდეგ იქიდან გამომდინარე თუ როგორ გამოიყენებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ვაჭრობაში, ამისდა მიხედვით ვნახავთ. ეს იქნება ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტი, ჩვენ ამასთან დაკავშრიებით პრესრელიზსაც გამოვუშვებთ რომ ავხსნათ ეს რა არის. 2019 წლიდან ვფიქრობთ შემოღებას.

ამ სისტემამ ბევრ ქვეყანაში დაამტკიცა, რომ კარგად იმუშავა. ახლა ჩვენც გვინდა რომ ავამუშავოთ,”- ამბობს გვენეტაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკას ახორციელებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის რეზერვებიც მის ეკონომიკასთან მიმართებით არაადეკვატურია.

2018 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სულ 17 ინტერვენცია განახორციელა, რითიც $197 მილიონი დოლარის რეზერვები შეისყიდა.

საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.08 მილიარდია, ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც 2013 წლის მიწურულს იყო. მას შემდეგ, ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის დროს რეზერვების გაყიდვისა და საგარეო ვალის მომსახურების გამო ის $2.4 მილიარდამდე შემცირდა. 2016 წლიდან კი ზრდა დაიწყო. 2017 და 2018 წლებში რეზერვების შევსების პოლიტიკის გამო, სებ-ს დოლარი არ გაუყიდია და ჯამში $327 მილიონი შეისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები