ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ეროვნული ბანკი 700-800 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვების შესყიდვას შეძლებს.
როგორც გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, სებ-ს ამის შესაძლებლობას ქვეყანაში არსებული სავალუტო შემოდინებები აძლევს.
„ნათია თურნავამ განაცხადა, რომ წელს უკვე იმაზე გაცილებით მეტია შეძენილი, ვიდრე გასულ წელს ჯამური გაყიდვები იყო. ვფიქრობ, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 700-800 მილიონი დოლარის შეძენა იქნება შესაძლებელი. რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო რეზერვების შენარჩუნების პოლიტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ვალუტის შემოდინება აძლევს ეროვნულ ბანკს იმის საშუალებას, რომ კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფის პარალელურად, რეზერვების ზრდა უზრუნველყოს. ვფიქრობ, წლის განმავლობაში სებ-ი შეძლებს იმ მოცულობის რეზერვების შესყიდვას, რაც საჭიროა მათ შორის, მთავრობის ვალის მომსახურებისთვის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, როგორც პარლამენტში დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, წელს განხორციელებული სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს, ანუ დაახლოებით 435 მლნ დოლარს ბევრად აჭარბებს.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით, მარტთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 296 მილიონი დოლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.