მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სავარაუდოდ, წელს თხილის უკეთესი მოსავალი გვექნება" - თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია

5ca4aa522c88e
ლევან თაღიაშვილი
03.04.19 17:40
1354
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გასულ წელთან შედარებით, წელს თხილის უკეთესი მოსავალი იქნება. 

მისი თქმით, მცენარეები კარგადაა მოვლილი და მთავარია, გლეხებმა ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანონ.

„ამ ეტაპზე 2018 წლის მოსავალი თითქმის ამოწურულია. შარშან ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები იყო, თუმცა წელს უკვე ხდება მისი მოვლა, სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული, ბევრი პროგრამა ხორციელდება, რომელშიც გლეხები მონაწილეობენ. სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში მაგალითად, თხილი შედარებით მოვლილია. მოსავალსაც კარგად ასხია, იმედი მაქვს, გაზაფხულის პერიოდში არ გაფუჭდება, განსაკუთრებით ფაროსანას გააქტიურების დროს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ძირითადი შეფასება მაისი-ივნისის პერიოდში გახდება შესაძლებელი, როდესაც ნაყოფი საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება მაისი-ივნისის თვესა და ამინდებზე. ამ ეტაპზე მცენარეებს კარგად ასხია, თუმცა ხარისხიც და რაოდენობაც მაისი-ივნისისთვის გვეცოდინება. მე ველოდები, რომ უკეთესი სეზონი იქნება შარშანდელ პერიოდთან შედარებით“, - განმარტა ქარდავამ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი, 2017 წელთან შედარებით, 30,5%-ით შემცირდა. შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულში ვერ მოხვდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 57 მლნ 665,5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საექსპორტო პროდუქციიდან შემოსული თანხის 1,7%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები