მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საველე ჰოსპიტალი 500-მდე საწოლზეა გათვლილი - "ეს უკიდურესი გეგმაა, რომლისთვისაც მზად ვართ"

611a2c6cebfa1
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 12:44
753
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საველე ჰოსპიტლების მობილიზებასთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში ვიზიტისას პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტალი იქნება ის უკიდურესი ზომა, რომელიც კოვიდ-მართვაში იქნება მისაღები.

„საველე ჰოსპიტლების მოწყობა დაგვიანებული არ არის. საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500-მდე პაციენტისთვის. საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღეისთვის გამართულია ყველა ინვენტარი და გაყვანილობა, რომელიც საჭიროა საწოლების ჟანგბადით მომარაგებისთვის. დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ცისტერნა, რომელიც ამ საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს, რაც კოვიდ-მართვის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ საველე ჰოსპიტლების ამოქმედების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მზაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ექიმებს სათანადო განათლება და გამოცდილება აქვთ.

„არაერთი კომენტარი მოვისმინე სამხედრო ექიმების ჩართვაზე და მათი არასრულფასოვან მზაობაზე, საქართველოში საველე პირობებისთვის ექიმების მომზადება არ ხდება, თუმცა დღეს მოქმედი პრაქტიკოსი ექიმების მეტ წილს იმ პერიოდში აქვთ განათლება მიღებული, როდესაც სამხედრო განათლება სავალდებულო იყო და შესაბამისად აქვთ გამოცდილება ამასთან მიმართებით. საქართველოში არიან ექიმები, რომლებსაც დამატებით სამხედრო წოდება გააჩნიათ და ჩართულნი არიან ამ პროცესში, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, გეგმას არ წარმოადგენს მათი გამოყვანა და საველე ჰოსპიტალში მუშაობა, რადგან ამისთვის უკვე განხორციელებულია დამატებით სამუშაოები და ექიმების სხვა ჯგუფები მიიღებენ პაციენტებს, რომლებიც მათი კვალიფიკაციით პაციენტებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელსაც კარგი გამოცდილება აქვს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული და მაქსიმალურად ვეცდებით პაციენტების და ექიმების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც დიდი ხანია ამ პროცესში არიან და მათ გადაღლილობის ზღვარი ძალიან მაღალია, მათი კომფორტიდან გამომდინარე კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება. ეს არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზადაა“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი აცხადებს, რომ ვინაიდან საველე ჰოსპიტლები უკიდურესი ზომა იქნება, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ რეგიონებშიც ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების მაქსიმალური მობილიზება მოხდეს, თუმცა საველე ჰოსპიტლების გამოყენება გეგმის მიხედვით იქნება გაწერილი, რომელიც გაანალიზდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები