ხის წნელებით შემოსაზღვრული ქართული კუთხეები, მოქმედი თონე, საწნახელი, 43 ქვევრი და 10-ზე მეტი ღვინის ნაირსახეობა - ეს კახეთის რომელიმე სოფელი არ გეგონოთ, არც მეტი არც ნაკლები, ეს არის შუაგულ თბილისში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე მოწყობილი ბარ-რესტორანი „ბინა 37“. უფრო დეტალურად Businesscontract.ge მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ზურაბ ნატროშვილს ესაუბრა .
-როდის გაჩნდა კორპუსის მე-8 სართულზე ქვევრების გაკეთების იდეა?
-ორი წლის წინ დაგვებადა ეს იდეა მე და ჩემს მეგობარს ზაზა ნოზაძეს. ჩვენ პროფესიით ექიმები ვართ, თუმცა ეს საქმიანობა ღვინის სიყვარულიდან გამომდინარე დავიწყეთ. თავიდან ყველა ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენს წამოწყებას, ქვევრები მე-8 სართულზე უცნაურად ჟღერდა, შემდეგ გავიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან, ადამიანებთან ვისაც უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში, მათ შორის სუფთა კონსტრუქციული თვალსაზრისით, მაინც ეს არის საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც თავის დროზე ჩემი აშენებულია და ვიცოდი რომ იმ დატვირთვას, რომელიც თუნდაც აუზს უნდა ჰქონოდა გაუძლებდა და საფრთხე მას არ შეექმნებოდა. ყველაფერი ნორმების დაცვით არის გაკეთებული.
ქვევრები ვერანდაზე, იმ ადგილზეა განთავსებული სადაც მცირე ზომის აუზი უნდა ყოფილიყო. სულ 43 ქვევრი გვაქვს, ყველაზე პატარა 200 ლიტრამდეა, ხოლო ყველაზე დიდი გახლავთ 300 ლიტრამდე. საერთო ჯამში სულ 25 ტონა ყურძენი შევიძინეთ და გვექნება 10-ზე მეტი ნაირსახეობა ღვინისა, როგორც კახეთიდან ასევე ქართლიდან.
აქვე დავძენ, რომ „ბინა 37“ არ მინდა რესტორნად მოვიხსენიო, რადგან მისი იდეა უფრო სხვაა და გვინდა, რომ ისეთ ადამიანებს ვუმასპინძლოთ, ვისთვისაც ღვინო უბრალოდ ალკოჰოლური სასმელი არაა. სტუმრების მიღებისათვის არც იყო ეს ყველაფერი გათვლილი, მაგრამ დიდი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რაღაც სივრცე შეგვექმნა, სადაც სტუმრებსაც მივიღებდით. „ბინა 37“ 500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ერთდროულად 120 სტუმრის მიღება შეუძლია.
-თქვენ თუ გაქვთ საკუთარი ვენახები?
ჩვენი ვენახები არ გვაქვს ჯერჯერობით. თუმცა მივიღეთ მონაწილეობა ტრადიციულ ღვინის ფესტივალში, სადაც წარვადგინეთ ორი ღვინო რქაწითელი და ქისი, რომლებმაც საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. აუცილებლად ვგეგმავთ მომავალში საკუთარი ვენახების გაშენებას, როგორც ყველა მეღვინისთვის არის ცნობილი, ღვინო იწყება ვენახში, ვაზთან ურთიერთობით, მიწასთან ურთიერთობით. შესაბამისად ჩვენ როდესაც უნდა შეგვეძინა მიწა, გაგვეშენებინა ვენახი და დაგვეწყო უკვე ჩვენი ვენახიდან მიღებული ყურძნის დაწურვა, მივხვდით, რომ ეს უფრო ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა. საბედნეროდ ვიპოვეთ ის მევენახეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ურთიერთობენ და შესაბამისად ამ გამოცდილებით გვინდა შევეგებოთ ჩვენს ვენახებს, პირველ მოსავალს სადაც უკვე კიდევ უფრო მეტი საშუალება იქნება საუკეთესო და კარგი ღვინო დავაყენოთ ჩვენთვისაც და მისი დამგემოვნებლისთვისაც.
- სახელი თუ გაქვთ უკვე მოფიქრებული თქვენი ღვინისთვის?
სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. შარშანაც კი, როდესაც ვმონაწილეობდით ფესტივალში, ჩვენს დაწურულ ღვინოებს „ბინა37“ დავარქვით და ალბათ ასეც დარჩება.
- რა ინვესტიცია ჩაიდო ამ პროექტში?
ინვესტიცია საკმაოდ სოლიდურია, ხუთნიშნა რიცხვია. ჩვენ პრაქტიკულად მოგვიწია ყველაფრის თავიდან გაკეთება... ამ სივრცის გარემონტება, შეძენა ქვევრების და ა.შ
- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?
ჯერჯერობით 4 ადამიანი გვყავს დასაქმებული და კიდევ ვაპირებთ 6 ადამიანის დასაქმებას. ჩვენ ვერანდაზე გვაქვს მოქმედი თონე, საწნახელი... იმ პერიოდში როდესაც იქნება რთველი შევეცდებით თვითონ სტუმრებს მივცეთ საშუალება საწნახელში დაწურონ ღვინო, მათ ერთ ქვევრსაც გამოვუყოფთ.
- შეიძლება „ბინა37“ თბილისის რომელიმე სხვა უბანშიც ვიხილოთ?
ვერ გეტყვით. მოგეხსენებათ ღვინის თემატიკასთან ახლოს მყოფი ადამიანი კულინარიასთანაც ახლოსაა. ღვინისა და ჩვენი საკვების დაწყვილების ამბავიც გახლავთ ერთ-ერთი მოტივაცია ამ ყველაფრისა და ალბათ მესამე მთავარი მომენტი გახლავთ ის, რაც ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობის კულტირაა. ამ სამის კომპლექსური შერწყმით შევეცადეთ მიგვეღო ყველაფერი ეს რასაც თქვენ ხედავთ, თუ მსგავსი რამის გაკეთება შესაძლებელი იქნება კიდევ სხვაგანაც, ამაზეც ვიფიქრებთ, თუმცაღა ჩვენი მიზანია აქ მოსულმა სტუმარმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, რისთვისაც ეს ყველაფერი წამოვიწყეთ.
„ბინა 37“ ოფიციალური გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება და ის ძირითადად საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

























