ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდის მხრივ, უკვე ზღვარზე ვართ. მინისტრის განცხადებით, მუშაობა მიდის დამატებით მობილიზებაზე, თუმცა ყველა რესურსი ამოწურვადია.
„რეალურად, ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი სულ უფრო ნაკლებია. გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობაც, რომლებიც წელიწადნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ.
დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდით როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ექიმებს და თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არის მთავარი ბუსტერები ვირუსის გავრცელების პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიდის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სასტუმროების მობილიზება გრძელდება.
„ამ ეტაპისთვის სასტუმროებში საკმარისი ოთახები გვაქვს, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან კიდევ მიმდინარეობს მობილიზაცია“, - ამბობს მინისტრი.




























