საწვავის ეკო მარკირებასთან ერთად, ბიზნესი ბენზინგასამართ სადგურების მარკირების ინიციატივით გამოდის. როგორც გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, საწვავის ნებაყოფლობით მარკირებაზე ბიზნესს შენიშვნები არ აქვს, თუმცა მის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას ითხოვს. მისი განმარტებით, კომპანიამ შესაძლოა ხარისხიანი საწვავი შემოიტანოს, თუმცა ბენზინგასამართი სადგური ეკოლოგიურ და სხვა სახის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს. მისივე თქმით, საკითხი გარკვეულ კითხვებს ბადებს თუ როგორ მოხდება საწვავის ხარისხის შემოწმება დროთა განმავლობაში. აღნიშნულ თემაზე "ბიზნესკონტაქათან" კომპანია Wissol Petroleum Georgia- ს გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საუბრობს.
- საინტერესოა ბენზინგასამართი სადგურების მარკირებასთან დაკავშირებული შენიშვნები. რა არის ის პირველი ნაკლოვანება და მოთხოვნა, რასაც ამ შემთხვევაში WISSOL-ი აყენებს?
- უპირველესად, ძალიან სასიამოვნოა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ბოლო პერიოდში ამ მიმართულებას და ხარისხობრივ პარამეტრებს აქტიურად აქცევს ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მარტში კანონდარღვევების მიმართ საჯარიმო სანქციები იქნა შემოღებული ისეთი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უხარისხო პროდუქტის წარმოებასა და შემდგომ რეალიზაციას ახორციელებენ. ეს მისასალმებელია და გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ აღნიშნული კანონმდებლობის ადმინისტრირება დროზე დაიწყება და თუ ვინმე კანონდამრღვევია ბაზარზე ხარისხობრივი პარამეტრებით აუცილებლად იქნება შესაბამისი სანქციები გაკეთებული.
- რა იქნებოდა თქვენი ძირითადი რეკომენდაცია, რომელსაც გააჟღერებდით?
- მარკირება არის დამატებითი ოფცია, რომელიც ნებაყოფლობითია, რათა მოხდეს დამატებით აღიარება, რომ ეს კომპანიები საქართველოში უზრუნველყოფდნენ მაღალი ხარისხის პროდუქტის იმპორტს. ეს მისასალმებელია, იმიტომ, რომ ერთის მხრივ, კომპანიამ უარი რატომ უნდა თქვას თუ სახელმწიფო გარკვეულწილად დამატებით ნიშანს აძლევს, რომ ეს კონკრეტული კომპანია საუკეთესო ხარისხის პროდუქტის იმპორტს აკეთებს.
ჩვენი კომპანია უკვე რამდენიმე წელია სტანდარტზე მაღალი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს და ჩვენ გარკვეული ეკო მარკირება, ჩვენი მწვანე ბრენდი გვაქვს. თუმცა, თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული იქნება ეკო მარკირების სპეციალური ნიშანი, რომლის მიმართაც მომხმარებელი კიდევ ერთხელ იქნება ლოიალური, ჩვენ ამას მივესალმებით. ეს გარკვეულწილად მოტივაცია და შეჯიბრებაა, რომ კომპანიებმა ბაზარზე ხარისხის აწევის კუთხით იმუშაონ. თუმცა, ჩვენ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ზოგმა დისტრიბუტორმა კომპანიამ ეს შესაძლოა არაკეთილსინდისიერი მიმართულებით გამოიყენოს. მაგალითად, ჩვენგან შეიძლება კარგი საწვავი იყიდონ, შემდეგ გადაყიდვის მიზნით ეს სტანდარტი არ დაიცვან, ან შესაბამისი სტანდარტის რეზერვუარებში არ ჩაასხან და შემდგომ მისი რეალიზაცია მოხდინონ.
- გარემოს დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით თქვენ ამ რისკების პრევენციის გზები ვერ დაინახეთ?
- ჩვენ გვქონდა შეხვედრა და სამინისტროს მადლობას ვუხდით იმიტომ, რომ უშუალოდ ჩვენთან შეხების შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რიგი ჩვენი მოსაზრებებისა გათვალისწინებული იყო.
- რამდენად დამაკმაყოფილებელია პრევენციული ღონისძიებები პრობლემატურ საკითხთან მიმართებაში, რაც თქვენ წამოჭერით?
- აღვნიშნავ, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც სტანდარტი ან სტანდარტზე ზემოთ არსებული ხარისხის პროდუქცია შემოაქვთ, არცერთს გაუძვირდება პროდუქცია. ჩვენ ვაკმაყოფილებთ, როგოც ტექნიკურ პირობებს, ასევე ხარისხობრივ პარამეტრებს, ანუ ჩვენ გაძვირების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ჩვენი ფასი ეკო მარკირების შედეგად, ერთი თეთრითაც არ შეიცვლება და არ გაიზრდება. ეკო მარკირება ჩვენი ფასის გაზრდის საფუძველი არ იქნება. ბაზარზე არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც გარკვეულწილად სტანდარტებრივ ხარისხობრივ პარამეტრებსა და ტექნიკურ პირობებს არ იცავენ და ზუსტად მათთვის იქნება ეს ბარიერი, რომლის გამოც მათ დასჭირდებათ, როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ხარისხობრივი პარამეტრების დაცვა. რა თქმა უნდა, ისინი ათეულობით თეთრის სხვაობით ამ პროდუქტის რეალიზაციას ვერ მოახდენენ.

























