მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავის ფასზე "ჭერის" დაწესება სახელმწიფოს გადასაწყვეტია - ვანო მთვრალაშვილი

620f7e3202025
მარიამ ვარადაშვილი
18.02.22 16:36
1192
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გუშინ "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას საწვავის ფასზეც ისაუბრა და თქვა,  რომ ე.წ. მცურავი აქციზის გარდა, სახელმწიფოს ფასის ზრდის მიმართულებით დაზღვევის სხვა მექანიზმიც აქვს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. “საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოკლევადიან რყევებზე, თუმცა თუ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შეგვიძლია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით და ეს არ იქნება ე.წ. აქციზის საფეხურებრივი სისტემა", - თქვა მინისტრმა.

ვიდრე ფინანსთა მინისტრი მეტად განმარტავს, რას შეიძლება მოიცავდეს დაზღვევის მექანიზმი, BMG-მ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის  მოსაზრება მოისმინა. ვანო მთვრალაშვილისთის უცნობია რა იგულისხმა მინისტრმა, თუმცა ამბობს, რომ სექტორი მთავრობის ნებისმიერ წინადადებას მიესალმება, რაც საწვავზე ფასს შეამცირებს.

“ჩემი აზრით, ფინანსთა სამინისტრო ფასის ზედა ჭერის ფიქსაციას განიხილავს. თუ ფასის მსგავსი ფიქსაცია მართლაც მოხდება, გაზრდილი ფასი რაღაცით უნდა დაკომპენსირდეს. ამ სხვაობის კომპენსაცია კი სუბსიდიით უნდა მოხდეს თუ აქციზს არ ამცირებ. ჩვენ როცა ვსაუბრობდით მცურავი აქციზის შემოღებაზე, მისი ძირითადი პრინციპი უნდა ყოფილიყო ის, რომ ფასის შემდგომი ზრდა შეჩერებულიყო. ეს ფასი რა იქნებოდა, სხვადასხვა კომპეტენტური უწყების მხრიდან უნდა შეფასდეს. მათ შორის ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების და ა.შ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე შესაძლოა ძალიან მაღალი ფასი იყოს და ეს გარდა იმისა, რომ ინფლაციას ზრდის, ეკონომიკის განვითარებასაც აფერხებს. ასევე ჩნდება უკმაყოფილო მომხმარებელი, რომელთაც აქვთ მკვეთრად ნეგატიური განწყობა კომპანიების მიმართ. მომხმარებლისთვის რთულია იმის გაგება ფასის ზრდა, რის გამო ხდება, ამიტომ თუ სახელმწიფო იფიქრებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ ფასზე ჭერი დააფიქსიროს, ამას რა მექანიზმით გააკეთებს იქნება ეს აქციზის გადასახადის შეცვლით თუ სხვა რამით, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მსგავს გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სწორია”, - ამბობს მთვრალაშვილი.

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე მაღალი ფასის გამო, ქართველ ნავთობიმპორტიორთა ნაწილი აცხადებს, რომ საწვავზე ფასის ზრდის შეჩერების ერთადერთი მექანიზმი დღეს აქციზის განაკვეთის შემცირებაა. საქართველოში 1 ტონა საწვავზე აქციზის გადასახადი 500 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები