ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე ფასი ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე იზრდება. ფასები მატულობს საქართველოში საწვავის საცალო ქსელშიც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყველა ტიპის საწვავი 5-11 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. როგორც ნავთობიმპორტიორები ამბობენ, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტრენდი საწვავის გაიაფების იმედს არ იძლევა.
კომპანიები არ უარყოფენ, რომ საწვავის გაძვირება აუცილებლად გამოიწვევს მოხმარების შემცირებას.
„მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ბაზარზე, რადგან ჩვენი ქვეყანა 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. დღეს 763 დოლარი ღირს ტონა ბენზინი, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი, გადასახადები და ასე გამოდის საწვავის თვითღირებულება. მას ასევე ემატება მოგების წილი და ასე დგება საწვავის გასაყიდი ფასი. ბოლო პერიოდში ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა, რომ პერიოდულად 5 თეთრით ხდება ფასების ზრდა საცალო ქსელში.ზოგადად რაღაც ნიშნულის შემდეგ მოსახლეობისთვის ძნელია ფასების მატებასთან შეგუება და მასზე რეაგირება ხდება და გამოიხატება უკმაყოფილება. ეს მოსახლეობის გარკვეულ ფენას აიძულებს უფრო ეკონომური იყოს გადაადგილებაში და საწვავის შეძენაში. ლოგიკურად ასე ვითარდება სიტუაცია“,-აცხადებს BM.GE-თან "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.
"სენტა პეტროლიუმის" მსგავსად "ლუკოილშიც" აცხადებენ, რომ საწვავზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს, თუმცა, ნავთობიმპორტიორების ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი დასტაბილურდება.
"ნავთობი დიდი ხანია გასცდა იმ კონკრეტულ სფეროს, რასაც მხოლოდ ბიზნესის სფერო ჰქვია. კარგა ხანია უკვე 700 დოლარს გადააბიჯა ერთი ტონა ბენზინის ღირებულებამ, იგივე სურათია დიზელის შემთხვევაშიც. რაც უფრო ძვირი ღირს საწვავი, მით უფრო ნაკლებია რეალიზაცია. ჩვენი მოხმარებელი ერთი და იგივე სიბეჯითით 1,5- და 2- ლარიან საწვავს ვერ ასხავენ და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიო ბაზრის ფასები სტაბილუობისკენ წავა",-აცხადებს "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე.

























