მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საწვავსა და გაზზე აქციზის განახევრებით 312 მლნ ლარი დარჩება სექტორში"

5ba23d8e04fa2
ელენე გოგბერაშვილი
19.09.18 17:40
832

ნავთობპროდუქტებზე და გაზზე აქციზის განაკვეთის განახევრების შესახებ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოამზადა, რომელიც ვრცელდება როგორც საქართველოში  მოპოვებულ,  ისე იმპორტირებულ საწვავსა და გაზზე. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ აქციზის გადასახადის შემცირება არამარტო თავად ამ პროდუქტებს, არამედ იმ პროდუქტებსაც გააიაფებს, რაშიც ბუნებრივი გაზი და ნავთობპროდუქტები გამოიყენება.

„მთავრობამ გაზარდა აქციზური გადასახადი საწვავზე და გაზზე, რამაც პირდაპირ გამოიწვია ფასის ზრდა ნავთობპროდუქტებზე და შემდგომ აქედან გამომდინარე წარმოებულ ყველა პროდუქციაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნას „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებული ინიციატივა, განახევრდეს აქციზური გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და საწვავ გაზზე, რაც დაახლოებით 312 მილიონი ლარის დატოვებას გამოიწვევს აღნიშნულ სექტორში და შესაბამისად გამოიწვევს საწვავის ფასის შემცირებას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა", - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

ნავთობიმპორტიორები ასევე მუშაობენ მოდელზე, როგორ შეიძლება შემცირდეს  აქციზის განაკვეთი, რომელმაც გასული წლის ცვლილებების შემდეგ 20-25 თეთრით გააძვირა ქსელში საწვავი. ვისოლის გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოდელი აქციზის ვალუტის კურსზე მიბმაა, რა მოდელსაც ისინი მთავრობას სთავაზობენ. ხორავა ამბობს, რომ კომპანიები ინიციატივის გაცნობას პრემიერ მინისტრთან გეგმავენ და ეს შეხვედრა შეიძლება მიმდინარე კვირაშიც ჩაინიშნოს.

გაიზიარებს თუ არა მთავრობა ბიზნესის შეთავაზებას უცნობია. უცნობია რა გამოხმაურება ექნება ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივასაც. ცვლილებების ავტორს გათვლილი აქვს რა გავლენა ექნება აქციზის განაკვეთის განახევრებას ბიუჯეტზე, რომელიც დაახლოებით 310 მილიონი ლარით შემცირდება. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საწვავისა და გაზის აქციზიდან  ბიუჯეტი 514.8 მილიონი ლარის შემოსავალს იღებს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები