"დღეს პედაგოგის საშუალო ხელფასი უკვე 650 ლარია და 2017 წელს ის დაახლოებით 700 ლარზე მეტი იქნება“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. მისივე თქმით ხელფასის გარდა გაიზრდება დანამატებიც.
"ქვედა საფეხურის მასწავლებლებს, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ, როდესაც ზრდა ძირითადად ზედა საფეხურებს ეხება. ცხადია კარგი იქნებოდა, რომ საშუალება გვქონდეს ქვედა საფეხურსაც საფასო ხელფასი გავუზარდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ. 2017 წელს დაახლოებით 200 ლარამდე ემატება ყველაზე მაღალი საფეხურის პედაგოგს, მეორე საფეხურს დაახლოებით 100 ლარზე ცოტა მეტი და მესამე საფეხურს დაახლოებით 50 ლარი ემატება. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში რამდენიმე ზრდა იყო, რომ შევადაროთ ყველაზე ზედა საფეხურის პედაგოგის ანაზღაურება, რომელიც მომავალ წელს დაახლოებით 1100 ლარი იქნება სრული განაკვეთის შემთხვევაში, იგივე ადამიანს 2013 წელს დაახლოებით 800 ლარი ქონდა ხელფასი. დანამატების მიღება 2013 წელს დაიწყო და ახლა პედაგოგების 16%-18%-ია ვინც შემდეგ საფეხურებზეა გადასული“, - აცხადებს მინისტრი. მისივე განცხადებით სქემის გაფართოება ეტაპობრივად მოხდება.

























