თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა იყო, რაც მუნიციპალიტეტში ახალი სამსახურების შექმნით არის გამოწვეული, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე დედაქალაქის მერიაში ხელფასების განაკვეთები გადახედვას არ ექვემდებარება.
„სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზედამხედველობის სამსახური თბილისის მუნიციპალურ ინსპექციად გადაკეთდა. რესურსი ორჯერ გაიზარდა და ამ მიმართულებით ზრდა კიდევ არის დაგეგმილი, რადგან სამსახურის ფუნქციები გაზრდილია, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფუნქცია შეიძინა - ხმაურის კონტროლი, სამშენებლო დარღვევების მიმართულებით გაძლიერებული კონტროლი, ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებული მონიტორინგი. გარდა ამისა, წელს მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური შეიქმნა, სადაც მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებით საკადრო რესურსი და აქედან გამომდინარე, მცირედი ზრდა მოხდა სახელფასო ფონდში. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა მერიაში არ იგეგმება, ხელფასების განაკვეთები გადახედვას არ ექვემდებარება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.