მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კვლავ დაბალია"

5760ee01dcd46
BM.GE
15.06.16 09:50
1561
ევროპის ფონდის პროექტის - „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში
საქართველოში საჯარო ხარჯების მართვის სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების შეფასება მოხდა.

როგორც ევროპის ფონდში აღნიშნავენ, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა სახელმწიფო ფინანსების მართვის სექტორის რეფორმირების და სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობის ევროპული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად უზრუნველყოფის კუთხით. თუმცა, ქვეყანა ნაკლებად წარმატებულია ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების საქმეში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ არსებულ რეფორმებს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დამოუკიდებლობა კვლავ მყიფეა ფისკალური დეცენტრალიზაციის არარსებობის და სუსტი ტექნიკური შესაძლებლობების გამო. ეს კი ზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ ამ პროცესში ჩართონ მოქალაქეები.

პროგრამის უფროსი მენეჯერი ვიქტრო ბარამია "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც საზოგადოებას მონიტორინგის განხორციელების საშუალებას მისცემს, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. მისი თქმით, მდგომარეობის გამოსასწორებლად პერმანენტული დიალოგის არსებობაა საჭირო მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის.

"უნდა შეიქმნას გარკვეული სტრუქტურა და პლატფორმა, სადაც სამოქალაქო სექტორის და ხელისუფლების დიალოგი უნდა მოხდეს. ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით მზადყოფნას გამოთქვამს და გვაქვს მორიგი დაპირება, რომ შესაძლოა კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. აქ საუბარია ფორმალური დიალოგის შესაძლებლობაზე.


სისტემური პრობლემები ყველა პროექტზე მსგავსია და აქ მთავარი პრობლემა მიდგომაა. თავიდანვე, დაგეგმვის პროცესიდან მონიტორინგის პროცესში ჩართულობაზეა საუბარი. როდესაც პროგრამა იწერება კითხვები თავიდანვე უნდა დაისვას. სამწუხარო რეალობა ხშირად არის მხოლოდ ციფრები და მათი ხარჯვის მაჩვენებელი, 100 მილიონის დახარჯვა მხოლოდ ციფრებით ოპერირება და გაურკვეველი გადაწყვეტილებებია", - ამბობს ვიქტორ ბარამია.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ძირითად ინსტიტუტებს - პარლამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებს, რომლებსაც ასეთი ჩართულობის ქმედითობა შეუძლიათ უზრუნველყონ, შესაბამისი გამოცდილება აკლიათ.

ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დამოუკიდებლობა მყიფეა ფისკალური დეცენტრალიზაციის არარსებობის და სუსტი ტექნიკური შესაძლებლობების გამო, რაც მოქალაქეების ჩართულობას ზღუდავს. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ბიუჯეტირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების მონაწილეობის შესაძლებლობებს იძლევა, ეს შესაძლებლობები არ არის სრულად გამოყენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები