მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დამატებით 10 მილიონი ლარის ყურძენს შეისყიდის - რთველი 2020

5f91a06904421
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.20 19:30
1464
2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300,000 ტონამდეა. უკვე დასკვნით ეტაპზეა რთველი კახეთში, სადაც 16 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 270 000 ტონამდე ყურძენი. რაც შეეხება რაჭას, იქ რთველი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 2100 ტონა ყურძენი გადამუშავდა.

რთველს მთავრობა აქამდე 50 მილიონი ლარით აფინანსებდა, აღნიშნული თანხით ორი სახელმწიფო კომპანია "აკურა (35 მლნ ლარით) და მოსავლის მართვის კომპანია (15 მლნ ლარით) მევენახეებისგან ყურძენს ყიდულობდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა დამატებით 10 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვასაც გეგმავს, რის შესახებაც სს "აკურამ" განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე დაარეგისტრირა. 

„2020 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ივლისის #1182 განკარგულების მე-17 პუნქტის საფუძველზე ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ“ ს.ს „აკურას“ დაევალა 2020 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნული გულისხმობს,როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ს.ს. „აკურას“ მიერ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას

ღონისძიების მიზანი და სახელმწიფო ინტერესი არის მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების გატარება, რადგან ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული ყურძნის მოსავალი. ღონისძიების მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა უკვე გამოხატულია საქართველოს მთავრობის მიერ „2020 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიების შესახებ“ 2020 წლის 9 ივლისის #1182 განკარგულების გამოცემით, რომლის ფარგლებშიც ს.ს. „აკურა“ ვალდებულებას იღებს დასახული მიზნების მიღწევისათვის ოპერატიულად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. 

ცნობისთვის,  სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია „აკურა“, რომელიც წლების განმავლობაში ყურძნის სუბსიდირების პროგრამაში იყო ჩართული, 2021 წლის დასაწყისში ყოფილ მესაკუთრეებს დაუბრუნდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიის გადაცემა მოხდება იმ აქტივების სახით, რომელიც კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამდე ეკუთვნოდა. 

"დაიწყო აუდიტის პროცესი, რათა განისაზღვროს  სახელმწიფო ინვესტიციები, რომელიც ფიქსირებულ აქტივებში იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩადებული. ამიტომ ეს პროცესი აუდიტის მიერ კარგად უნდა შეფასდეს. საბოლოოდ, რეალისტები რომ ვიყოთ, წლის ბოლოსთვის გვექნება სრული სურათი - რა არის სახელმწიფო საკუთრება როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების სახით და რა ქონება დაკარგა დაზარალებულმა. მომავალი წლის დასაწყისში სამართლიანობა მართლაც აღდგება და „აკურა“ თავის მფლობელებს დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები