მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი აუდიტის დასკვნას ეხმაურება

5d98c0444ad52
ელენე გოგბერაშვილი
05.10.19 20:06
1987
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ სახელმწიფო ელეტროსისტემის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია უწყების მიერ გაწეულ არაგონივრულ ხარჯებზე.

ელექტროსისტემა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ეკუთვნის, რომლის ჯამური აქტივების ღირებულება 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო.

აუდიტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს  2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ 12 მლნ ლარზე მეტი პრემიის გაცემას.

მათივე დასკვნის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ საანგარიშო პერიოდში სატელეფონო როუმინგზე 156,738 ლარი დახარჯა. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის CEO-ს ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ორგანიზაცია ხელფასებს იმაზე მაღალი ტემპით ზრდიდა, ვიდრე მისი შემოსავლები იზრდებოდა. 2017 წელს კი, მისმა ანაზღაურებამ 252,481 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში ელექტროსისტემას სულხან ზუმბურიძე ხელმძღვანელობდა.

სულხან ზუმბურიძე, რომელიც დღეს უკვე ელექტროსისტემის ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს, აუდიტის დასკვნაში მოცემულ ინფორმაციას არ ეთანხმება.

„ეს არის აუდიტის სამსახურის ხედვა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. მე არ ვეთახმებოდი მაშინ და ამაზე პასუხი გავეცით. ეს რომ ერთის მხრივ ზარალიანია და მეორეს მხრივ პრემია გაიცა, არ იყო მართებული. თუ ჩათვლის რომელიმე სამსახური, რომ საჭიროა ამ საკითხებზე რეაგირება, გააკეთებს რეაგირებას და მერე იმ ფორმატში მოხდება პასუხების გაცემა“-განუცხადა რუსთავი 2-ს ზუმბურიძემ.

აუდიტის დასკვანსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც.

„ამჟამად კომპანიას მართავს ახალი მმართველი გუნდი, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის შედეგებს. რაც შეეხება ზარალს, ამ წლების განმავლობაში ზარალი განპირობებული იყო კურსთაშორის სხვაობით მიღებული ხარჯებით,ხოლო პრემია იყო გათვალისიწნებული რეაბილიტაციის გეგმით. შესაბამისად დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის ამოცანებთან“-აცხადებს მიხეილ ლიკლიკაძე, ელექტროსისტემის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციების უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები