მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო ერთი ხელით მასწავლებლებს ცუდად ასწავლის, მეორე ხელით კი მაღალი მოთხოვნების ჩაბარებას სთხოვს"

57a7163a11fb1
BM.GE
07.08.16 14:58
7683
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე “საქმიან დილასთან“ პოლიტიკური პარტიების განათლების სტრატეგიებს აფასებს.

- ბატონო გიგი ფიქრობთ, რომ საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა გამარტივდეს?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით სასკოლო სისტემა უმეტესად სახელმწიფოს ხელშია. ერთი ხელით სახელმწიფო მასწავლებლებს ცუდად ასწავლის და მეორე ხელით ეუბნება, რომ შენ როგორც გინდა მაღალი მოთხოვნები ჩამაბარე. სამწუხაროდ, ტრენინგები ჩვენი საშველი არ არის. საკმაოდ ავტორიტეტული და ადეკვატური კვლევები ჩვენთანაც გაკეთებულა, რომელის ამბობს, რომ ამ ტრენინგებს საბოლოო ჯამში შედეგი არ აქვს.

- რა არის გამოსავალი ამ დროს და თქვენთვის რომელი პოლიტიკური პარტიის საგანმანათლებლო პროგრამაა მისაღები?

- პრინციპში არც ერთი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საერთოდ საქართველოში კრიტიკული აზროვნების პრობლემაა და ამ მხრივ, როდესაც პოლიტიკური პარტიები განათლებაზე საუბრობენ, სულ მთლად უბედურებასთან გვაქვს საქმე. ყველა პარტიის წევრი აღნიშნავს, რომ განათლებას ეკონომიკასთან აქვს კავშირი. ვიცით, რომ ეკონომიკას სახელმწიფო არ აკეთებს, არამედ ეხმარება. ეკონომიკა თავისთვის არის და სახელმწიფო ქმნის კანონებს და ა.შ. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა კარგი იყოს, ეკონომიკური სუბიექტების დიდი უმრავლესობა სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს. ამბობენ რომ ეკონომიკის საფუძველი განათლებაა და რატომ გვგონია, რომ განათლება, რომელიც სახელმწიფოს ხელშია ეკონომიკას, რომელიც პრინციპულად არ შეიძლება სახელმწიფოს ხელში იყოს, ადეკვატურ კადრებს მისცემს.
ყველა პარტია ფიქრობს, რომ მოვა ხელისუფლებაში რეფორმას ჩაატარებს და შედეგსაც უცებ მიიღებს. თუ არ გვყავს თანამედროვე, საერთაშორისო დონის მეცნიერები, ინტერნაციონალიზაციაზე საუბარიც კი ზედმეტია.

- სკოლიდან ინტერნაციონალიზაციას ვერ დავიწყებთ?

- სახელმწიფომ უნივერსიტეტები და სკოლები საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს. სხვადასხვანაირი დაბრუნების ფორმები არსებობს. შესაძლებელია პრივატიზაცია, საზოგადოებრივი საბჭოები და ათასი რამ.

ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის საქართველოს სკოლები, რომლებსაც კარგი დირექტორები ყავთ, ისინი ფულს არ ხარჯავენ იმიტომ, რომ ეშინიათ, აბსოლუტურად სამართლიანად. სახელმწიფოს დადგენილი კანონებით სკოლების მართვა სისულელეა.

- ვთქვათ სასწავლებელი დაწესებულები კერძო სექტორის ხელში გადავიდა, ამის შემდეგ რა უნდა გაკეთდეს?

- ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ კანონები უნდა დაიწეროს და მთლიანად უნდა შეიცვალოს სისტემა. ცნობილია, რომ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემებში არანაირი დემოკრატია არ მუშაობს. ძალიან მარტივია - ცუდი მეცნიერი უფრო ბევრია, ვიდრე - კარგი. ჩვენ თუ დემოკრატიულად გავუშვებთ ცუდი მეცნიერები ცუდს აირჩევენ და კარგები უარეს მდგომარეობაში დარჩებიან.

- არაფორმალურ განათლებაში საზოგადოებას რა როლი აქვს?

- მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავება ძალიან თანაბარი პროცესია, რომელიც იერარქიულობასა და ძალიან მკაცრად დეფინირებულ საზღვრებს არ გულისხმობს, რაც სახელმწიფოს საკუთრების სკოლის შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია.

ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული აზროვნება განსხვავებული აზრის გამოხატვა ჰგონიათ, რაც არანაირად არ არის კრიტიკული აზროვნება. ვითარება აბსოლუტურად ისეთია, როგორიც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო.

- მასწავლებლების კვალიფიკაცია როგორ უნდა ამაღლდეს?

- ორ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. ერთი ის, რომ ამ ყველაფერს დიდი თანხები სჭირდება. თუ შენ მასწავლებელს სახლში უშვებ იმდენი კომპენსაცია უნდა მისცე, რომ მათხოვარი არ იყოს. კომპენსაციების სისტემაზე ფიქრიც საჭიროა. მეორე ისაა, რომ ხელფასი უნდა გაიზარდოს.

დღეს გამოცდებისთვის მომზადებაში 200 მილიონამდე იხარჯება. სასაცილო სიტუაციაა ეკონომიკის თვალსაზრისით. მშობელი ჯიბიდან იღებს და იხდის პირობითად 5 000 თუ 7 000, მერე მისი შვილი ხვდება უნივერსიტეტში და დიდი შანსია, რომ ეს ოჯახი ამ ფულს ვერ დაიბრუნებს, იმიტომ რომ აბიტურიენტმა საერთოდ შეიძლება დაფინანსება ვერ აიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები