მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ინსპექტორისთვის "სიურპრიზია"

61c755233e677
დავით ჯალაღონია
25.12.21 21:23
4519
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

აღნიშნულ საკითხს თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი შეჩერდება.

"დღეს, "წინასაახალწლო სიურპრიზად", მე და ჩემმა თანამშრომლებმა, "ინტერპრესნიუსიდან" გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.

რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე.

იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!

მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.

მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი", – წერს ლონდა თოლორაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები