საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადები 2019 წლის 17-დან და 26 მაისამდე მიიღება.
კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ოფიციალურად გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია აქვს.
კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატურას, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. მთავრობის მეთაურისგან კი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორი კანდიდატურა წარედგინება.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები ასეთია:
„ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება".

























