მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლებამ დემოკრატია დაასუსტა - დეგნანი

61f8fc9fb00bd
ინგა მურუსიძე
01.02.22 13:25
465
"სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის მომტანი იყო, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც დემოკრატია დაასუსტა" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ის დღეს სხვა დიპლომატებთან ერთად, ჯერ კიდევ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. თოლორაიამ დიპლომატებს ინსპექტორის სამსახურის მიერ გატარებული სამუშაოები გააცნო.

„ვფიქრობ, ქართველებს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინსტიტუტი, რადგან ის მათ უფლებებს ყოველდღიურად იცავს. მონაცემების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მთავრობის წევრებისთვისაც, რადგან ინსპექტორი მათ უფლებებსაც იცავს. სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო ინსპექტორი ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ქვეყნისთვის. დემოკრატია დამოკიდებულია მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე, როგორებიცაა სახელმწიფო ისნპექტორი, სახალხო დამცველი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება.

ამას სჭირდება სიმამაცე და მაღალი პროფესიონალიზმი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე ამაღლდეს. სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის მომტანი იყო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც დემოკრატია დაასუსტა და მინდა ვთხოვო პარლამენტს, რომ არ იჩქაროს და გამოიყენოს დრო, რომ იპოვოს ჭეშმარიტად კარგი კადრები, რომლებიც ამ ახლადშექმნილ ორ სააგენტოს უხელმძღვანელებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ ინფორმაციით.

შეგახსენებთ, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. ინიციატივა დაჩქარებულად, დეკემბრის ბოლო დღეებში განიხილეს, ხოლო გადაწყვეტილება 1-ელი მარტიდან შედის ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები