საქართველოს საფონდო ბირჟა ხელისუფლებას მოუწოდებს, სახელმწიფო კომპანიების აქციების ნაწილი ქართულ საფონდო ბირჟაზე დაილისტოს. ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა გიორგი ფარესიშვილმა bm.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიებს სტაბილური ფულადი შემოსავლები აქვთ, შესაბამისად, მსგავსი კომპანიების დალისტვა საფონდო ბირჟას განავითარებს.
ფარესიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და სახელმწიფო კომპანიები ქართულ საფნდო ბირჟაზე დალისტოს, როგორც ეს გადაწყვეტილება ქართლის ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში მიიღეს. გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ საფონდო ბირჟაზე ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენა, სავარაუდოდ, 2018 წლის მესამე კვარტლიდან იქნება შესაძლებელი.
"სახელმწიფო კომპანიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ღებულობს თავად სახელმწიფო და ნაკლებად კომპანიები, ამიტომ სახელმწიფო დონეზეა გადაწყვეტილება მისაღები, სურს თუ არა მთავრობას, რომ ეს კომპანიები და ამ კომპანიების აქციების გარკვეული ნაწილი 20-25% გაიტანოს საფონდო ბირჟაზე“,- განაცხადა ფარესიშვილმა.

























