მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებას აპირებს

5d74c2dd2e642
სალომე მეცხვარიშვილი
08.09.19 12:58
1066
სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებას აპირებს - განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გააკეთა, დეპუტატების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ყველა ქვეყანაში ეს საკითხი სხვადასხვანაირად რეგულირდება, საქართველო ამ კუთხით არ იყო აქტიური, თუმცა, ახლა ბაზრის ნაწილობრივ რეგულირების მიმართულებით აპირებს ნაბიჯების გადადგმას.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, რომ წამლების დანახარჯები სერიოზულ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, ეს არის ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტების 1 ლარად გადაცემა. ასევე ცნობილი და შესწავლილია, რომ ბაზრის მთლიანი მოცულობის 88% არის იმპოტირებული, იმპორტის თანხა შეადგენს 400 მილიონს, რაც საკმაოდ დიდი ნიშნულია.

ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა პრაქტიკა - ფასების ნაწილობრივი და სრული რეგულაცია, როდესაც ეს ხდება სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში ეს პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა და დღეისთვისაც არ არის. ამ კუთხით ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიების დაწყებას, რომელიც გულისხმობს ყველაზე დაბალი რგოლიდან, აფთიაქებიდან და საცალო გაყიდვებიდან რეგისტრაციებს. ასევე ჯი-ემ-პი და ჯი-დი-პი სტანდარტების დანერგვას და ნაწილობრივი რეგულაციების კუთხით სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას წამლების ფასების რეგულირებაში. ყველანაირად ვეცდებით, რომ ნებისმიერი დანახარჯი, იქნება ეს სახელმწიფოს მხრიდან, თუ მოქალაქეების მხრიდან, მეტად ეფექტურად იყოს მოხმარებული”,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები