„სახელმწიფო ქონების იჯარა-პრივატიზაციის საკითხი ნაკლებად გამჭვირვალეა“, - ამის შესახებ პროექტ „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ პროექტის მენეჯერი ირინა გურული აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია გამოიკვეთა ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებულ 30-მდე კვლევაში, რომელმაც საქართველოს 5 რეგიონი მოიცვა: სამეგრელო, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი. კვლევამ რამდენიმე ძირითადი მიმართულება მოიცვა, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მრეწველობა და ა.შ.
როგორც ირინა გურული აცხადებს, გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები, რომლებიც ხელს უშლიან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.
„ძირითადი პრობლემა, რომელსაც გამოვყოფდი ეს არის მიწის რეგისტრაციის საკითხი. სასოფლო- სამუერნეო მიწების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული. შედეგად ვერ ხდება მიწის კაპიტალიზაცია.
ასევე სახელმწიფო ქონების იჯარა-პრივატიზაციის საკითხი ნაკლებად არის გამჭვირვალე და წარმოადგენს გამოწვევას მეწარმეებისთვის, რათა მათ გამოიყენონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება“,- აცხადებს პროექტის მენეჯერი.
კითხვაზე, რა იგულისხმება გაუმჭვირვალობაში, ირინა გურული პასუხობს:
„განსაკუთრებით საიჯარო პროცედურები არ არის ცნობილი, რადგან ხშირად არ არის ინფორმაცია, თუ ვის სახელზეა რეგისტრირებული ქონება - არის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე, თუ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. არაერთი შენობა-ნაგებობაა, რომელიც არ არის გამოყენებაში და მნიშვნელოვანია, ბიზნესმა შეძლოს მათი გამოყენება“,- აცხადებს ირინა გურული.
მისივე შეფასებით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მუშახელის კვალიფიკაცია, რომელიც ხშირად არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც აქვს ბიზნესს.
„ეს განსაკუთრებით გამოიხატა ტურიზმის სფეროში. უმეტესწილად ეს ეხება უცხო ენების ცოდნას და მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით არსებულ ცოდნას“,- აცხადებს ირინა გურული.