მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო როგორც “ანგელოზი ინვესტორი” - რამდენად ეფექტიანია “სტარტაპ საქართველო”?

6497eb460a10b
შოთა ტყეშელაშვილი
25.06.23 15:05
688
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტექნოლოგიური და ინოვაციური სექტორის განვითარებისთვის ინვესტიციებს 10 წელზე მეტია ახორციელებს. 2016 წელს ამოქმედდა პროგრამა “სტარტაპ საქართველო”, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “საპარტნიორო ფონდი” და “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო” ახორციელებენ. პროგრამის მთლიანი ღირებულება 35 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ამ დრომდე ბიუჯეტის ერთ მესამედზე ნაკლები არის ათვისებული. “სტარტაპ საქართველო” დამწყებ, ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ბიზნესებზე, 15-დან 100 ათას ლარამდე გრანტებს გასცემს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროგრამის 2016-2021 წლის საქმიანობის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “სტარტაპ საქართველოს”, მიერ გაცემული დაფინანსება ფაქტობრივად “ანგელოზი ინვესტორის” მიერ გაცემულ დაფინანსებას წარმოადგენდა და რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სტარტაპების სიცოცხლისუნარიანობა დაბალია. აუდიტის ანგარიშის თანახმად, თავად “სტარტაპ საქართველოს” პროექტის დაწყებისას არ ჰქონდა შემუშავებული გაზომვადი ინდიკატორები, რომლითაც საკუთარ ეფექტიანობას შეაფასებდა. ფაქტობრივად მიღებული შედეგების მიხედვით კი დაფინანსებული სტარტაპების მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა წარმატებული. პროგრამის ფარგლებში გაცემული მთლიანი დაფინანსება 6,832,460 ლარს შეადგენს.

“პროგრამის დაწყების დღიდან, შპს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ ფაქტობრივად დაფინანსებული 59 პროექტიდან, ნაწილობრივ გამოსყიდულია 5 პროექტი, ჯამში − 80,950 ლარით, ხოლო სრულად გამოსყიდულია 12 პროექტი, მათ შორის 10 − ვადაზე ადრე (საიდანაც დაბრუნებულმა ინვესტიციამ შეადგინა 1,046,580 ლარი) − განხორციელებული ინვესტიციის 26%; ასევე დეფოლტის პროცედურა მიმდინარეობს 19-ზე, ხოლო დანარჩენზე ვრცელდება „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით განსაზღვრული პროცედურები. შპს „სტარტაპ საქართველოს“ არ შეუფასებია, აღნიშნული შედეგები რამდენად უზრუნველყოფდა დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას, ვინაიდან დადგენილებით არ იყო განსაზღვრული პროგრამით მისაღწევი მიზნებისა და შედეგებისთვის გასათვალისწინებელი გაზომვადი ინდიკატორები. სრულად გამოსყიდული 5 სტარტაპის 2022 წლის ბრუნვამ შეადგინა 23,322,021 ლარი, ხოლო დასაქმდა 177 თანამშრომელი.

თუ შევადარებთ, დარგების მიხედვით, დაფინანსებული პროექტებიდან წარუმატებელი პროექტების წილს, მონაცემები განაწილდება შემდეგნაირად:

• IT ტექნოლოგიები- 69%;
• წარმოება-19%;
• IT/მომსახურება-25%;
• მომსახურება-33%.

IT ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული პროექტების ბიზნეს გეგმებში ხარჯების დიდი წილი მოდის დეველოპერულ პროცესებზე, რის საფუძველზეც იქმნება შემდგომში „სოფტები“-არამატერიალური აქტივები. ვინაიდან აღნიშნული დარგის პროექტები მაღალი რისკით ხასიათდება, მათი წარუმატებლობის შემთხვევაში, არსებობს დაბალი შანსი აქტივების შემდგომი რეალიზაციის, რითაც უნდა მოხდეს გაწეული ზარალის ნაწილობრივ კომპენსირება. აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ 2017 წლიდან შპს „სტარტაპ საქართველოს" მიერ IT პროექტები არ დამტკიცებულა სს „საპარტნიორო ფონდის“ მონიტორინგისა და შიდა აუდიტის ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

აღსანიშნია, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში არ ხდებოდა სტარტაპ კომპანიებისგან პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა და მათი ადგილზე პერიოდული მონიტორინგი. მიღებული განმარტებით, სააგენტოს არ გააჩნდა სტარტაპ კომპანიების მონიტორინგის პირდაპირი ვალდებულება, რაც კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

2016 წლის შემდგომ სულ გამოსყიდულია 2 პროექტი, ხოლო დანარჩენი პროექტები მიმდინარეა. აუდიტის პერიოდში შერჩევით ჩატარდა ინტერვიუ 4 დაფინანსებული სტარტაპის წარმომადგენელთან, ხოლო 3-თან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია. მათი განცხადებით, ოთხივე პროექტი შეჩერებულია, რომლის მიზეზია ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები, ხოლო სხვა შემთხვევებში − პროექტის შინაარსის არსებულ რეალობასთან შეუსაბამობა. ასევე, აღსანიშნია "საპარტნიორო ფონდის" ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტარტაპების მონიტორინგის პროცესი, სადაც შპს „სტარტაპ საქართველოს“ და სააგენტოს კორესპონდენციების მიხედვით, 2019 წელს 7 სტარტაპის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული თანხები 74%-ით იყო გაუფასურებული, რის საფუძველზეც შპს „სტარტაპ საქართველომ“ მიზანშეწონილად ჩათვალა სააგენტოსთვის, წილის მმართველის პოზიციიდან გამომდინარე შეეთავაზებინა − დროულად ჩამოეყალიბებინა პროექტების ეფექტიანი მართვის სისტემა, გამოეკვლია პრობლემის წარმოშობის მიზეზები და მიეღო სათანადო ზომები. აღნიშნული ამ დრომდე არ განხორციელებულა”, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები