საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზურაბ სანიკიძე უხელმძღვანელებს. იგი პროფესიით იურისტია (საერთაშორისო სამართალი).
2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე იყო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ - დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში;
2008-2010 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მართლმსაჯულების დეპარტამენტსა და გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოში;
2007 წელს სტაჟიორად მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
ზურაბ სანიკიძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში, ex officio, იყო: სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს მდივანი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი; ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ფორუმის თავმჯდომარე; საქართველოს წარმომადგენელი/კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ პლატფორმაზე; საქართველოს წარმომადგენელი/ექსპერტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის ოფისში (UNODC), გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) შეფასების ნაწილში; იუსტიციის მინისტრთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი OGP-ის კომიტეტებში და სხვ.
დღემდეა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (GRECO, OECD/ACN). ის ასევე არის სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

























