დამწყები საწარმოების, ე.წ სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამა, - ასე ქვია 2016 წლის 11 მაისის მთავრობის იმ დადგენილებას, რომელიც ინოვაციურ და მოწინავე იდეებზე დამყარებული ბიზნესპროექტების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
პროგრამის მიხედვით, შესაბამისი ღონისძიებები საპარტნიორო ფონდმა უნდა განახორციელოს, რომელიც უფლებამოსილია პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსების ნაწილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გადასცეს.
სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსება კი ეკონომიკის სამინისტროს დადგენილი წესით განხორციელდება. სააგენტო უფლებამოსილი იქნება საკუთრების უფლებით მიიღოს წილი დაფინანსებული დამწყები საწარმოს კაპიტალში არაუმეტეს 5%-ისა. ყოველწლიურად მიიღოს შემოსავალი დაფინანსებული დამწყები საწარმოს შემოსავლიდან არაუმეტეს 5%-ის ოდენობით; პროგრამა 2 კომპონენტს მოიცავს. ერთია ტექნიკური დახმარება, ხოლო მეორე დაფინანსების კომპონენტი. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამას კოორდინაციას საპარტნიორო ფონდი გაუწევს, რომელიც უზრუნველყოფს დამტკიცებული პროექტებისთვის თანხების გამოყოფას და განახორციელებს პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგსა და ბენეფიციარების ტექნიკურ დახმარებას.
დადგენილების მიხედვით, პროგრამით შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი მიმართულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობისა და სს "საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისებისა.
შერჩეული პროექტების დაფინანსების ოდენობა კი არ უნდა იყოს 15 ათას ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 100 ათას ლარს. თავის მხრივ პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, ფონდისათვის მისაღები ფორმით განახორციელოს უზრუნველყოფის წარდგენა. პროგრამის ბენეფიციარის დამფუძნებელი ვალდებულია, პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში განახორციელოს ფულადი შენატანი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით და არამატერიალური აქტივი.
პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში ფონდი არ შეიძლება ფლობდეს 50%-ზე მეტს, ხოლო პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში მისი დამფუძნებლის მონაწილეობა განისაზღვრება არანაკლებ 50%-ით, რაც გულისხმობს იმას, რომ განმცხადებლის მიერ შესატანი არამატერიალური აქტივის სანაცვლოდ ფონდის პარტნიორი მიიღებს კაპიტალის 40%-ს, თუ პარტნიორების მიერ შეთანხმებული წესით შედგენილი აუდიტორული შეფასებით არამატერიალური აქტივის ღირებულება უფრო დიდი ღირებულებით არ შეფასდება. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მიხედვით, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს, მათ შორის, დაფინანსების ათვისების მიზნობრიობის მონიტორინგს განახორციელებს თავად ფონდი. პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროექტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, დაფინანსების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში ან სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ფონდს უფლება აქვს, მოითხოვოს პროექტის ვადაზე ადრე შეწყვეტა.
პროგრამის დაფინანსების წყაროა "საპარტნიორო ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, მაგრამ არა უმეტეს 35 მილიონი ლარის ზღვრული ოდენობისა, მათ შორის, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე - არაუმეტეს 10 მილიონი ლარისა. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროექტებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ბიუჯეტის 40%-ს. თუმცა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს კერძო სამართლის იურიდიული პირების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

























